logo
ENG



ადმინისტრაცია სანქციებზე: მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები ქვეყნის რეპუტაციის დასაცავად

23 იან 202318:38
3 წუთის საკითხავი
 
ადმინისტრაცია სანქციებზე: მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები ქვეყნის რეპუტაციის დასაცავად

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, ხელისუფლებამ ქვეყნის რეპუტაციის დასაცავად ყველა ზომა უნდა მიიღოს".

ადმინისტრაცია ასევე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებები ამ თემაზე არასწორად ვრცელდება.

მათივე მტკიცებით, ზურაბიშვილს ქვეყანა ამ საკითხში არასდროს დაუდანაშაულებია.

"უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ! ამჯერად, საქმე ეხება სანქციების გვერდის ავლის თემას - საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია ამ საკითხში, არამედ პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ასევე, უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს; მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას.

დღევანდელ მოცემულობაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული"- ნათქვამია განცხადებაში.

CNN-ის ჟურნალისტმა ქრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე ჰკითხა და ამის მაგალითად საქართველო დაასახელა.

ამის პასუხად ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობები მიუღებელია.

დღეს, 23 იანვარს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამ თემას გამოეხმაურა და თქვა, რომ "CNN-ის ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს".

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, "სიცრუის ტირაჟირებაში" სალომე ზურაბიშვილიც "აიყოლიეს".

"სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა"-თქვა კობახიძემ.


close დახურვა