საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ლატვიის დედაქალაქ რიგიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 108 მგზავრი ჩამოფრინდა, მათგან 96 საერთაშორისო ვიზიტორია.
მათი ცნობით, დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც კარანტინში გადაიყვანეს.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მზად არის COVID-19 პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა წესის სრული დაცვით განაახლოს რეგულარული ავიარეისების მიღება.
დღეს, 4 ოქტომბერს, 6-თვიანი პაუზის შემდეგ, რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულდა.
ავიაკომპანია Wizz air პირველ ეტაპზე, ფრენებს მხოლოდ რიგა-ქუთაისის-რიგის საჰაერო ხაზზე კვირაში ერთხელ შეასრულებს. მთავრობის განცხადებით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით ეტაპობრივად გაიზრდება.
პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ჩარტერული, საწვრთნელი და არაკომერციული დაშვებები ხორციელდება.