ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ბოლო მონაცემით, თავდასხმების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ დაშავებული მიმტანი გარდაიცვალა. 17 დაჭრილიდან ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია 7 ადამიანი.
ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სამთავრობო შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.
შეიარაღებულმა პირებმა ვენის ცენტრში, ექვსს სხვადასხვა ადგილას გახსნეს ცეცხლი, მათ შორის სინაგოგის მახლობლად. თავდასხმა კარანტინის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა, ამიტომ რესტორნებსა და ბარებში განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. ერთ-ერთი თავდამსხმელი სამართალდამცველებმა ადგილზევე მოკლეს, ოცი წლის მამაკაცი ერთდროულად ავსტრიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქე იყო.
სულ მცირე ერთ გაქცეულს პოლიცია ამ დრომდე ეძებს, ვრცელდება ინფორმაცია ვენის მახლობლად მდებარე ქალაქში ორი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებაც.