აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის არმიამ ყარაბაღში რამდენიმე სოფელსა და სტრატეგიულ ობიექტზე კონტროლი დაამყარა.
უწყების პრესმდივნის, ანარ ეივაზოვის განცხადებით, მათ გაათავისუფლეს "ოკუპირებული ტერიტორიები".
ეივაზოვის თქმით, "ფუზული-ჯაბრაილის მიმართულებით გათავისუფლებულია სოფლები: გარახანბეილი, გარვიანდი, კენდ გორადიზი, იუხარი, ააბდულრახმენლი, ასევე, ჯიბრაილის რაიონის ორი სოფელი.
ასევე, მისი განცხადებით, აზერბაიჯანის არმია აკონტროლებს მნიშვნელოვან სიმაღლეებს.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი დღეს, 27 სექტემბერს გამწვავდა.
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა.
სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის თქმით, დაიბომბა სოფლები და ქალაქი სტეფანაკერტი. სამხედრო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 2 ადამიანი დაიჭრა.
ფაშინიანმა მალევე საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალივვს თქმით, სომხეთს აზერბაიჯანის მიწების მითვისება სურს და ამას არც მალავს. ალიევი სომხეთს ადანაშაულებს მოლაპარაკებების შეწყვეტასა და პროვოკაციებში.
ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრები და რუსეთი სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და მზადყოფნა გამოთქვა, ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს სიტუაციის დეესკალაციას.
სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა.