ალტ-ინფოს 5 წევრი განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ პრორუსული და ძალადობრივი პლატფორმის წამყვანმა, თათია გაბრიჭიძემ ისაუბრა.
განყოფილებაში გადაიყვანეს: შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი, კოკა მორგოშია. გაბრიჭიძის თქმითვე, ყველა მათგანის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა.
დღეს დილით 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. განყოფილებაში გადაიყვანეს გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი.
ალტ-ინფოს პლატფორმიდან ვრცელდება ქსენოფობიური, ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილები. 5 ივლისის ღირსების მარშის ჩაშლისთვის, წამყვანები და სტუმრები ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ. გარდა ამისა, ძალადობრივ კონტრაქციაში ალტ-ინფოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
აქციაზე მყოფი პირები ქალაქში დარბოდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებსა და გამვლელებს, ვინც გარეგნულად არ მოეწონებოდათ. ისინი შეიჭრნენ შენობაში, სადაც მოძრაობა სირცხვილიას ოფისი მდებარეობს და დაარბიეს ორგანიზაცია თბილისი პრაიდის ოფისიც.
სირცხვილიას ოფისთან ხალხის მობილიზება კონსტანტინე მორგოშიამ დაიწყო. მან რუსთაველზე შეკრებილებს მიმართა, რომ 500-600 კაცი გამოყოფილიყო, რომლებიც ინგოროყვას ქუჩაზე მივიდოდნენ. სწორედ სირცხვილიას ოფისთან დაესხნენ თავს TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტს, მირანდა ბაღათურიას. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა. ოპერატორი 11 ივლისს სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილზე დირექტივების ერთ-ერთი გამცემი იყო ზურა მახარაძეც. პარლამენტის წინ კარვების აყრისკენ ხალხს სწორედ ის მოუწოდებდა.
რაც შეეხებათ მამა-შვილ ფალავანდიშვილებს, ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციებში და ხალხსაც დარბევისკენ მოუწოდებდნენ. გურამ ფალავანდიშვილი არაერთხელ დამუქრებია ჟურნალისტებსაც.
5 ივლისს თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვისა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის 23 პირია დაკავებული. როგორც ცნობილია, გამოძიება ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორების გამოვლენის კუთხითაც მუშაობს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.