logo
ENG



ამაზონის ტყის ტომის წევრები კოვიდზე ასაცრელად ათობით კილომეტრს ფეხით გადიან

15 იან 202213:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/15/jsgbaj67udph6m1.png
Erik Jennings Simões

ბრაზილიის ამაზონის ტყეების ადგილობრივი ტომის წევრები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით ასაცრელად ათობით კილომეტრს ფეხით გადიან. ლოჯისტიკური მიზეზების გამო მათთვის ეს პროცესი განსაკუთრებით გართულებულია. ინფორმაციას BBC ავრცელებს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ადგილიდან ადამიანებს საათობით უწევთ სიარული, რათა აცრის ობიექტებს მიაღწიონ.

ფოტოზე გამოსახული მამა-შვილი ზო’ე-ს ადგილობრივ კომუნას მიეკუთვნებიან, რომელსაც 325 წევრი ჰყავს. ტომის წევრები ერთმანეთისგან მოშორებით, 12-მდე სოფელში ცხოვრობენ, რომელთა მასშტაბი 1.2 მილიონი ფეხბურთის მოედნის ფართობს უდრის.

ბრაზილიელი ექიმისა და ფოტოს ავტორის, ერიკ ჯენინგს სიმოისის თქმით, შვილს 5-6 საათით მოუწია მამის ზურგით ტარება, რათა ვაქცინაციის ობიექტამდე მიეღწია.

ფოტო, რომელიც სიმოისმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, 2021 წლის იანვარშია გადაღებული, მაშინ როცა ბრაზილიაში კოვიდსაწინააღმდეგო აცრის კამპანია დაიწყო. ამ პერიოდში ქვეყანაში განსაკუთრებით მძიმე პანდემიური პერიოდი იყო. ფოტოს გავრცელების მიზანი კი ვაქცინაციის პროცესის შესახებ პოზიტიური მესიჯის გავრცელება იყო.

მაშინ, როცა ბრაზილიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო ადგილობრივი ტომები პრიორიტეტულ ჯგუფებად მიიჩნიეს. ტყეებში მოეწყო ქოხები ვაქცინაციისთვის და ამაზონის მცხოვრებლებთან აცრის პროტოკოლი რადიოს საშუალებით შეთანხმდა.

ჩვენ ისეთი პრაქტიკები დავნერგეთ, რითაც პატივს ვცემთ და ვითვალისწინებთ ზო’ეს ტომის ხალხის კულტურასა და ცოდნას“ - განაცხადა ექიმმა სიმოისმა.

აცრის ობიექტები ღია სივრცეში დამონტაჟდა, რათა შემცირებულიყო ინფექციის გავრცელება. თუმცა შეიქმნა პრობლემებიც: ტომის დიდ მასშტაბზე განსახლების გამო რთული იქნებოდა, აგენტების ყველა ადგილობრივ სოფელში გადანაწილება, ამიტომ ზოგიერთს დიდი მანძილის გავლა სჭირდებოდა ასაცრელად. 

ოფიციალური წყაროების მიხედვით, ბრაზილიაში 853 ადგილობრივი ტომის წევრი გარდაიცვალა კორონავირუსის შედეგად. თუმცა მკვიდრი კომუნის უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.


close დახურვა