logo
ENG



ამბები, რომელიც დღეს უნდა იცოდე: 15.11.2019

15 ნოე 201908:30
3 წუთის საკითხავი
 
5bxxb6f6tb4i1wf.jpg

 

დეკანოიძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან იმყოფება.

 

მოძრაობა "ქვეყნის სმსახურში" პარლამენტთან საპროტესტო აქციას დღეს 19:00 საათზე განაახლებს. სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა ღამე რუსთაველზე გაათენა. გზის სავალ ნაწილზე გაშლილია კარვები, ხოლო პოლიციას ტერიტორია ჯებირებით აქვს შემოფარგლული.

აქციას დღესაც შეუერთდებიან პოლიტიკური პარტიები, რომელთა ლიდერებიც გუშინ პარლამენტთან ხელჩაკიდებულები მივიდნენ.

რუსთაველის გამზირი მეორე დღეა გადაკეტილია. ფართომასთაბიანი აქციების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა არ შეასრულა დაპირება 2020 წლის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების შესახებ - ხელისუფლებამ აღნიშნული კანონპროექტი ჩააგდო.

 

დაიშლება თუ არა უმრავლესობა

 

დატოვებენ თუ არა “კონსერვატორები” საპარლამენტო უმრავლესობას დღეს გახდება ცნობილი. ამის შემდეგაც გავიგებთ, შეძლებს თუ არა ქართული ოცნება უმრავლესობის შენარჩუნებას.

ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” წევრი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ კონსერვატორები არ ეთანხმებიან პარლამენტის მიერ პროპორციული არჩევნების პროექტის ჩაგდებას. კონსერვატორების ფრაქცია 6 დეპუტატისგან შედგება: გიგია ბუკია; მუხრან ვახტანგაძე; ნინო გოგუაძე; რუსლან გაჯიევი; პაატა კვიჟინაძე; ზვიად ძიძიგური.

გუშინ უმრავლესობა პროტესტის ნიშნად 8 დეპუტატმა დატოვა , მათ შორის, ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოიშვილმა. უმრავლესობა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემაც დატოვა.

 

ფეხბურთი: შვეიცარია VS საქართველო

 

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წელს ბოლო ოფიციალურ მატჩს შვეიცარიის წინააღმდეგ გასვლაზე გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 23 მარტს თბილისში შვეიცარიელთა გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 0:2.

ევროპის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე D ჯგუფში საქართველოს ნაკრები ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ გიბრალტარს უსწრებს.

 

თანასწორობის კვირეული

 

ევროპის საბჭოს ოფისი დღეს საქართველოში და პარტნიორი უწყებები პირველ თანასწორობის კვირეულს იწყებენ.ღონისძიებას, რომელიც 22 ნოემბრამდე გაგრძელდება, გახსნიან საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელი კრისტიან ურსე; ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე; სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და კოალიცია თანასწორობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.


close დახურვა