logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 18.03.2020

18 მარ 202009:24
3 წუთის საკითხავი
 
asgq6lxcxs9zd5x.jpg

კორონავირუსის გამო მიკროავტობუსების მოძრაობა აიკრძალა

დღეიდან საქართველოს მასშტაბით მიკროავტობუსების მოძრაობა იზღუდება. დედაქალაქში გადაადგილება მხოლოდ მეტროთი, ან ავტობუსითაა შესაძლებელი. შეიცვალა მომსახურების წესი ავტობუსებში: მძღოლის სივრცე იზოლირებულია ტრანსპორტის დანარჩენი ნაწილისგან, მგზავრები კი მხოლოდ უკანა 2 კარით შეძლებენ სარგებლობას.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება

ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მომატებას ვარაუდობს. სავარაუდოდ გაიზრდება შიდა გავრცელების შემთხვევებიც.  ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვმა 80-იდან 100 პაციენტამდე მოიმატოს. ასევე, გართულდეს დაინფიცირების წყაროს დადგენა. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობ. მისი თქმით, ჯანდაცვის სიტემა მზადყოფნაშია, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა კი ჯერჯერობით არ დგას.


რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტების მისაღებად მზადაა

CoVID 19-ის გართულების შემთხვევაში რესპუბლიკურ საავადმყოფოს პაციენტების მიღება უკვე დღეიდან შეეძლება. ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა. კლინიკის დირექტორის  თქმით, ეპიდემიის ზრდის შემთხვევაში, საავადმყოფო ყველა შესაძლო მძიმე გართულებისთვის მზადაა. იგეგმება დამატებითი აპარატურის შეტანაც. 



კორონავირუსის პირველი მსხვერპლი თურქეთში

კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა თურქეთში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კოვიდ 19-ით დაინფიცირებული პაციენტი 89 წლის იყო. მისი თქმით, ხანდაზმული იმ ადამიანისგან დაინფიცირდა, რომელსაც ჩინეთთან ჰქონდა კონტაქტი. თურქეთში ამ დროისთვის გამოვლინდა 51 ახალი შემთხვევა, რითაც ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მთლიანობაში 98-მდე გაიზარდა. 


ევროკავშირი კორონავირუსის გამო საზღვრებს კეტავს

ევროკავშირი 30 დღის განმავლობაში საზღვრებს კეტავს. გამონაკლისი მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს დაიშვება. ეს განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერებთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. შარლ მიშელის განმარტებით, საზღვრების დაკეტვა ვირუსის გლობალურად გავრცელებას შეზღუდავს. მან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ზომების მაქსიმალურად გამკაცრებისკენ მოუწოდა. 


რა ხდება იტალიაში

ბოლო 24 საათის განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსით 345 ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირებულთა რიცხვი კი 3,526-ით გაიზარდა და მთლიანობაში 31 ათასს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა თითქმის სამი ათასი პაციენტი. ასობით ადამიანი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. ვირუსის ყველაზე კრიტიკულ კერად იტალიაში კვლავ ლომბარდიის რეგიონია. ქვეყანაში ისევ კარანტინია გამოცხადებული. სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა დახურულია კომერციული დაწესებულებები. შეჩერებულია სასწავლო პროცესიც.

რაც შეეხება მსოფლიოს, ჯამში კორონავირუსის გავრცელების 198 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 83 ათასამდე ადამიანი. პანდემიამ თითქმის 8 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. 


ევროკავშირი კორონავირუსზე პრო-რუსული დეზინფორმაციის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს

ევროკავშირის დასკვნაში ნათქვამია, რომ დეზინფორმაციის კამპანია მიზნად ისახავს „დასავლეთ ქვეყნებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისის გამწვავებას, კერძოდ, უნდობლობის გამოწვევას ეროვნული ჯანდაცვის სისტემების მიმართ.“

 

დღეიდან “ფორმულას” ეთერში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი გადაცემა იწყება

მსოფლიო პანდემიის ფონზე ტელეკომპანია „ფორმულა“ საგანგებო ეთერს იწყებს. მოქალაქეების ინტერესების მაქსიმალურად დასაკმაყოფილებლად, მაშინ როცა ინფორმირებულობა კორონავირუსის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი იარაღია, - ყოველ დღე „ფორმულა NEWS-ის“ მთავარი გამოშვების დასრულების შემდეგ, 21:00 საათზე ეთერს დაიკავებს გადაცემა „კოვიდ - 19“.

პროექტი ინტერაქციულია  - მაყურებელს საშუალება ექნება ფეისბუქის საშუალებით დასვას კითხვები, მათ კითხვებს კი მოწვეული სტუმრები უპასუხებენ. გადაცემას ჟურნალისტი ეკა სამხარაძე გაუძღვება.

 

საკონსტიტუციო ცვლილებების დისტანციური განხილვა

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დისტანციურად შესაძლოა მომავალ კვირას შედგეს. ოპოზიციის ნაწილი განხილვაში მონაწილეობას არ აპირებს.  "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობაში" განხილვას უბრალო ფორმალობად მიიჩნევენ და ხელისუფლებას შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებისკენ, განსაკუთრებით პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.


ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძე დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ქადაგიძე სასამართლო სისტემაში ე.წ. ჩინჩალაძის კლანის ინტერესების გამტარებელი იქნება. იგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაიკავებს.


დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადა.  მოსამართლე ლილი მსხილაძის გადაწყვეტილებით, ექსპერტიზის დასკვნით არ ირკვევა, რომ მსჯავრდებული მძიმედაა ავად. ეს მაშინ, როდესაც მოსამართლეს გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პენიტენციურ დაწესებულებაში თავად მოუწია მისვლა.

 


close დახურვა