logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 19.04.2020

19 აპრ 202011:34
3 წუთის საკითხავი
 
vikmne1kmc77gta.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 19 აპრილის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.

სააღდგომო ლიტურგია კომენდანტის საათის დროს ჩატარდა

ყველა გაფრთხილება, თხოვნა და მოწოდება უშედეგო აღმოჩნდა. საქართველოს საპატრიარქომ, მრევლს სახლებში დარჩენისკენ არ მოუწოდა. საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში ღამის 11 საათზე დაიწყო. მსახურებაზე პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს. ილია მეორე მსოფლიო პანდემიას გამოეხმაურა და მორწმუნეებს მიმართა, რომ „ჩვენი სიცოხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია“.

ლიტურგიაზე მისული მორწმუნეების დიდი ნაწილი წირვა-ლოცვას ტაძრის ეზოდან ისმენდა, თუმცა გვიან ღამით გაწვიმდა და ისინი სამებაში შევიდნენ. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების არაერთი მოწოდების მიუხედავად, სააღდგომო მსახურება საერთო კოვზით ზიარებით დასრულდა. საზეიმო ლიტურგიის შემდეგ, კომენდანტის საათის დასრულებას მორწმუნეები სამებაში ელოდებოდნენ.

დისტანცირების წესისა და სხვა რეკომენდაციების დარღვევით ჩატარდა სააღდგომო ლიტანიობა ქუთაისის ბაგრატის ტაძარშიც.

სააღდგომო ლიტურგიას გამოეხმაურა BBC. „საჯარო პირები ევროპაში, შუა აზიასა და აფრიკაში მოუწოდებდნენ მოსახლეობას, რომ არ დასწრებოდნენ სააღდგომო მსახურებებს, რადგან ეს კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელს მკვეთრად გაზრდიდა. თუმცა, საქართველოში, მორწმუნეებმა მაინც შეძლეს ეკლესიებში მისვლა.“ - წერს ბრიტანული მედია.

სააღდგომო ლიტურგია რამდენიმე ეპარქიაში დღეს დილას დაიწყო. მრევლისთვის წირვის დილის 7 საათზე, კომენდანტის საათის შემდეგ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს ბათუმისა და ლაზეთის, ჭყონდიდის, ბორჯომის, ასევე ფოთისა და ხობის ეპარქიებმა. აღდგომის ღამისთევა მრევლის გარეშე მხოლოდ მონასტრებში ჩატარდა.

საქართველოში კორონავირუსს მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა

გარდაცვლილი ქალს ქობულეთის კლასტერთან ჰქონდა კავშირი. როგორც ბათუმის კლინიკა მედალფაში განაცხადეს, პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა. ის 13 აპრილიდან მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. კლინიკაში გარდაცვლილის ასაკი არ დააკონკრეტეს, თუმცა თქვეს, რომ ის 70 წელზე მეტის იყო.

COVID19 საქართველოში

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 394-მდე გაიზარდა, მათგან 86 გამოჯანმრთელებული და 4 გარდაცვლილია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 547, ხოლო კარანტინში - 5094 ადამიანი.

კორონავირუსის ინფექციის სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 24-ით გაიზარდა.

თელავივიდან საქართველოს 154 მოქალაქე დაბრუნდა. მგზავრებს სიცხე აეროპორტშივე გაუზომეს და საკარანტინე ზონებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14 დღეს გაატარებენ. ამ დრომდე, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა 6747 მოქალაქე.

ავიარეისი თელავივი-თბილისი

COVID19 მსოფლიოში

მსოფლიოში COVID19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 160 ათასს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 2.3 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 600 ათასზე მეტია. ოფიციალური ცნობებით, ვირუსით დაინფიცირებულთა 55 200-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

კორონავირუსის ინფექციის სტატისტიკა მსოფლიოში

COVID19-ით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობით აშშ კვლავ ლიდერი ქვეყანაა. ბოლო 24 საათის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ინფექცია 30 ათასამდე პირს დაუდგინდა, ჯამში კი დაავადებულთა რიცხვი 738 ათასს გასცდა. დაღუპულთა რაოდენობამ 39 000-ს გადააჭარბა.

რთული მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შტატების გუბერნატორებს შეზღუდვების შემსუბუქებისკენ მოუწოდებს. გუბერნატორების ნაწილი მიესალმა პრეზიდენტის ინიციატივას - ფლორიდის შტატში რამდენიმე პლაჟიც გაიხსნა. თუმცა, კორონავირუსის ტესტების სიმცირის გამო, გადაწყვეტილებას ნაჩქარევად მიიჩნევს მათი დიდი ნაწილი.

ამაზონი კორონავირუსის ტესტების წარმოებას ავითარებს

კომპანიის მფლობელმა ჯეფ ბეზოსმა აქციონერებს თავის ყოველწლიურ წერილში მიმართა და თქვა, რომ რეგულარული ტესტირება საჭიროა, რათა ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ და ეკონომიკამაც განაგრძოს მუშაობა. ამისთვის კი ამერიკელ საზოგადოებას გაცილებით მეტი ტესტირების ჩატარება უნდა შეეძლოს, ვიდრე ახლა შეუძლია.

ამაზონი

ბეზოსის თქმით, კომპანია თავისი დასაქმებულების მცირე ნაწილის ტესტირებას მოკლე დროში დაიწყებს. უცნობია რამდენად შორს შეძლებს ამაზონი წასვლას, თუმცა ბეზოსის აზრით, ცდად ღირს.

ამ დრომდე, კორონავირუსის შემთხვევები კომპანიის ვაშინგტონის, კალიფორნიისა და ნიუ-იორკის ფილიალებში დაფიქსირდა.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა კიევის პეჩორის ლავრაში

კიევის პეჩორის ლავრაში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 3 სასულიერო პირი გარდაიცვალა. ინფიცირებულია 93 ადამიანი. ლავრაში სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდა.

უკრაინაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 440-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 141 ადამიანი. გამოჯანმრთელდა - 347.

რუსეთის პატრიარქმა კირილმა და ბელორუსის მიტროპოლიტმა მორწმუნეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. ბელორუსის ეკლესიის მმართველის თქმით, რიტუალი მეორეხარისხოვანია, რადგან ადამიანების სიცოცხლე გაცილებით უფრო ღირებულია.

ჩემპიონთა ლიგა შესაძლოა ზაფხულში განახლდეს


close დახურვა