logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 22.12.2019

22 დეკ 201910:10
3 წუთის საკითხავი
 
70bzlx03iz411zx.jpg

გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ბათუმში

ბათუმში, 14:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიცია აქციას გამართავს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქციაში ყველა ოპოზიციური პარტია და მათი მხარდამჭერები ჩაერთვებიან. ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება, დაუყოვნებლივ მოხდეს საარჩევნო სისტემაში ცვლილებები და აუცილებლად უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები პროპორციული სისტემით. აქციის დაწყებამდე ბათუმის ქუჩებში მსვლელობა იგეგმება.

 

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

დაკავებულ პირებს, ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი - 3. ცოტნე გამსახურდია ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

„ლელო" პარტიად ოფიციალურად დაფუძნდება

პარტია „ლელო" 22 დეკემბერს დაფუძნდება. როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დამფუძნებელთა ყრილობაზე, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც გაკეთდება განცხადება, ხოლო საარჩევნო პროგრამას 2020 წლის გაზაფხულზე წარადგენენ.


ყანდიაშვილის ყალბი ფოტო, სადაც ცუკერბერგთან „ქეიფობს“

კოკა ყანდიაშვილმა, რომელსაც ოპოზიცია მმართველი პარტიისთვის ინტერნეტში ე.წ. ფეიკ ნიუსების გავრცელებაში ადანაშაულებს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ყალბი ფოტო, თითქოს მარკ ცუკერბერგთან ერთად ქეიფობს. ასე გამოეხმაურა იგი, ფეისბუკის მიერ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ასობით ტროლების გვერდის გაუქმებას, რომლებითაც ანტიდასავლური, ანტიოპოზიციური და პრორუსული განწყობების შექმნას ცდილობდნენ.

„ფეისბუკის“ მიერ ანგარიშების გაუქმებასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უცხოელმა ექსპერტებმა, თუმცა, ამ დრომდე მამუკა მდინარაძის, დავით ზალკალიანისა და უმრავლესობის ერთეული წევრების გარდა, ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. 

გაუქმებული „ფეისბუკისა“ და „ინსტაგრამის“ ანგარიშებით სხვადასხვა სახის დასპონსორებულ პროსახელისუფლებო პოსტებში, ჯამში, $316 000 დაიხარჯა. „ფეისბუკთან" ერთად პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ ანგარიშებს ორგანიზაცია DFRLab-იც იკვლევდა.

 

საპროტესტო აქციები საფრანგეთში

საპროტესტო აქციების გამო შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა, გაუქმდა სარკინიგზო და ავიარეისები. საფრანგეთის მოსახლეობა დაგეგმილ საპენსიო კანონპროექტს აპროტესტებს. ორი კვირაა, გაფიცულები არიან სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლები. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი სატრანსპორტო გაერთიანებებს მოუწოდა, შეწყვიტონ გაფიცვა, რომელიც შობის დღესასწაულზე ქაოსის საფრთხეს ქმნის. 

„გაფიცვა გამართლებული და დაცულია კონსტიტუციის მიერ, მაგრამ ვფიქრობ, რომ არის ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როცა ოჯახებისა და მათი ცხოვრების გამო დროებით ზავზე უნდა წახვიდე," - განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ გაფიცულები „პასუხისმგებლობის სულისკვეთებით უნდა განიმსჭვალონ."


დავით სარალიძის ოჯახი საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს

მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის წევრები და მათ მიერ დაფუძნებული ფონდი "დათუჩა" საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავენ, სადაც ხელით შექმნილი ნამუშევრები, ასევე სხვადასხვა ნივთი გამოიფინება და გაიყიდება. დავით სარალიძე 2017 წლის 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის  ლევან დადუნაშვილთან ერთად  ხორავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე დაიღუპა. დათო სარალიძის გადასარჩენად ექიმები, რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ.

 

საახალწლო ბაზრობა მთაწმინდის პარკში

22 დეკემბერს, მთაწმინდის პარკში საახალწლო ბაზრობა გაიმართება, სადაც 200-ზე მეტი მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება, ტრადიციულად, დეკემბრის მიწურულს ყოველწლიურად ტარდება. საახალწლო ბაზრობა 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება.





 


close დახურვა