ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 23 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს
გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო
გვიან ღამით გადაასვენეს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მის საცხოვრებელ სახლში. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, პირველადი ექსპერტიზის დასკვნით მომხდარის დამატებითი დეტალები არ იკვეთება. საქმეში ოჯახის მხრიდან უკვე ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი კახა ერისთავი, რომელიც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით მედიასთან არ საუბრობს.
თითქმის მთელი ღამე მიმდინარეობდა საქმეზე გამოკითხვები მცხეთის პოლიციაში. გამოძიების კითხვებს ის ადამიანები პასუხობდნენ,რომლებიც შაქარაშვილთან ერთად აგარაკზე იყვნენ. როგორც მოწმეების ადვოკატი მზია ქასრაშვილი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ამბობენ, რომ შაქარაშვილი აგარაკზე კონფლიქტში არავისთან შესულა. გამოკითხვის შემდეგ ერთ-ერთი მოწმე სამართალდამცველებმა პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორია დაატოვებინეს.
საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენა
პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კენჭს უყრის . პროცესში მონაწილეობის მიღებას ფრაქცია „ევროპული საქართველოს" დეპუტატები აღარ აპირებენ. უცვლელია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებაც. თინა ბოკუჩავას თქმით, ბოიკოტი გაგრძელდება მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.
გამოკითხვები სუს-ში
მარნეულში ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. ადვოკატი ალი ბადიროვის ინფორმაციით, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აქტივისტი ქანან ბაბაევია დაბარებული. ადვოკატის განცხადებით, აქტივისტი მოწმის სტატუსით დაიკითხება და ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხება. რასობრივი შუღლის გაღვივებაზე გამოძიება სუს-მა 30 მაისს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მეუფე გიორგის განცხადების შემდეგ დაიწყო.
გაეროს რეზოლუცია
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს კენჭი ჟენევაში გამართულ რიგით 43-ე სესიის ფარგლებში უყარეს.
22 ივნ 202020:18 გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო
რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევების, მათ შორის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, ჯანდაცვის უფლებისა და ეთნიკური ქართველების სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებზე დაუსჯელობის გამო. დოკუმენტში წერია, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება. საბჭოს წევრებმა რეზოლუცია 20 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 24-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა.
პარლამენტში ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვა გრძელდება
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ დოკუმენტი საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული არაა. სწორედ ამიტომ როგორც ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი განმარტავს, პარტია მომდევნო განხილვებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით კი, ისინი ბიუჯეტის ყველა განხილვას დაესწრება.
აქცია განათლების სამინისტროსთან
შშმ პირების მშობლები განათლების სამინისტროსთან დღეს აქციას გამართავენ. ერთ-ერთი აქტივისტი, თამარ იარაჯული „ფორმულა ნიუსთან“ ამბობს, რომ სამინისტროს ამ დრომდე არ დაუმტკიცებია შშმ ბავშვების პედაგოგებისთვის განვითარების სქემა. მისი თქმით, მასწავლებლებს, რომლებიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განათლების მიცემა ევალებათ, შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ. იარაჯული ამბობს, რომ ბავშვთა უფლებები შესაბამისი გეგმის არარსებობის გამო საჯარო სკოლებში ხშირად ირღვევა.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
908 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 761 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 255 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2662 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 9.2 მილიონს აღწევს. მათგან, ვირუსი 4.9 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 474 ათასს აღემატება. ამ დროისთვის 58 000-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
ყველაზე მძიმე ვითარება კვლავ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინფიცირებულთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა მექსიკაში გამოვლინდა. ქვეყანამ დღის განმავლობაში დაღუპულთა მაჩვენებლით ბრაზილიას გაუსწრო. ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ს მექსიკაში ათასზე მეტი ადმიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი თითქმის 22 ათასია.
აშშ სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
დონალდ ტრამპი წლის ბოლომდე გარკვეული ტიპის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, შესაბამის დადგენილებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. საუბარია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, მათ შორის მეცნიერებისა და ინჟინრებისთვის ამერიკის ტერიტორიაზე სამუშაო ვიზების გაცემაზე. ასევე სხვადასხვა კომპანიებში მომუშავე პირების შეერთებული სტატების ოფისებში გადმოყვანის უფლებაზე.
წლის ბოლომდე შეჩერდება ვიზების გაცემა სასტუმრო ბიზნესში დასაქმებული სეზონური მუშაკებისთვისაც. შეზღუდვა არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან შტატებში და აქვთ სამუშაო ვიზა. რეგულაციების შემოღების მიზეზი კორონავირუსული პანდემიის გამო ქვეყანაში გაზრდილი უმუშევრობა გახდა. თეთრი სახლის განმარტებით, შეზღუდვები ამერიკელებისთვის დაახლოებით ნახევარ მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის.