logo

ამბები, რომლებიც 2 სექტემბერს დილიდან უნდა იცოდე

02 სექ 202008:47
3 წუთის საკითხავი
clock 13 clock 271
6q8g3wudx58kqge.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 2 სექტემბერს უნდა იცოდეთ

 

პოლიციის თანამშრომელს ბრალი წარედგინა

ლისის გზაზე მომხდარი ავარიის გამო, რომელსაც არასრულწლოვნის სიცოცხლე შეეწირა, პოლიციელს ბრალი წარედგინა. პროკურატურის გამოძიების თანახმად, რამდენიმე დღის წინ, ღამით პატრული ინსპექტორი პოლიციის ავტომობილით გზაზე ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს დაეჯახა. 12 წლის მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გამოძიება პოლიციელს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

 

ბაჩალიაშვილის საქმე - ავტომობილის ექსპერტიზა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზაზე პროკურატურის განცხადება საეჭვოდ მიაჩნია ოჯახის ადვოკატს. მიხეილ რამიშვილის თქმით, მას ექსპერტიზის შედეგებზე, შემოწმებიდან ერთ დღეში საუბარი აეჭვებს. ის პროკურატურისგან შეთანხმების შესრულებასაც ითხოვს და ამბობს, რომ კონკრეტული სატელიტებიდან მონაცემების ამოღება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. მიხეილ რამიშვილი დღეს სამხარაულის ექპერტიზის ბიუროშიც მივა, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტის პირადი ნივთებია მიტანილი. დღეიდან თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩაერთვებიან.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე იმყოფებოდა ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია. ფორმულა ნიუსს მან უთხრა, რომ ბიუროში დეტალების დასაზუსტებლად მივიდა, თუმცა კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო და საგამოძიებო უწყებაში გადაამისამართეს. ლობჟანიძეს აინტერესებს გადასცა თუ არა საგამოძიებო უწყებამ სამხარაულის სახელობის ბიუროს მისი კუთვნილი კომპიუტერი და ტელეფონი. ის ფიქრობს, რომ ამ ნივთების გახსნას საგამოძიებო უწყება აჭიანურებს. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბაჩანა ლობჟანიძე მისვლას დღესაც აპირებს.

 

მცოცავი ოკუპაცია გრძელდება 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მავთულხლართები გაავლეს. ადგილობრივების თქმით, საოკუპაციო რეჟიმი ხნულებს პერიოდულად აახლებს, რომლებსაც ძირითადად ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულება აქვს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ხნულების ადგილას ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებიც განათავსონ და მავთულხლართები გაავლონ იმ ადგილას, საიდანაც რამდენიმე მეტრში ნავთობსადენი გადის. 

სუს: კასპში, ყარაფილასთან საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გაავლეს

.

საოკუპაციო ძალები გააქტიურებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ეხმაურება. უწყების ინფორმაციით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „აღნიშნული წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც არსებით საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების თაობაზე ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს,” - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს კენჭს დღეს მეორედ უყრიან პარლამენტში. ის წინასაარჩევნო პერიოდში სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მკაცრ სანქციებს გულისხმობს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ცვლილებები საჭირო არ არის, რადგან ასეთი სანქციები ისედაც არსებობდა, თუმცა კანონს არავინ აღასრულებდა. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებით ქართული ოცნება მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებისთვის თვალის ახვევას ცდილობს.

 

მესტია გაიხსნა

მესტიაში საკარანტინო შეზღუდვები დღეიდან უქმდება. 10 აგვისტოდან მუნიციპალიტეტში 5 ათასამდე PCR კვლევა ჩატარდა. მესტია კორონავირუსის შემთხვევების მატებისა და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიზეზით აგვისტოში მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც იქ ერთდროულად ვირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა. მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი და მოსახლეობის ტესტირება ტარდებოდა.

 

ფეისბუქსა“ და „ტვიტერზე“ რუსეთთან დაკავშირებული ანგარიშები დაბლოკეს

„ფეისბუქში“ აცხადებენ, დაბლოკილი 13 გვერდისა და ორი ანგარიშის საშუალებით, მათი მფლობელები შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში მემარცხენე ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენას, ასევე უშტატო ჟურნალისტების გადაბირებას ცდილობდნენ. შეერთებული შტატების დაზვერვის თქმით, რუსეთი ამ გვერდებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვისაც იყენებდა. ოფიციალური ცნობით, „ტვიტერისა“ და „ფეისბუქის“ გვერდები რუსეთის სახელმწიფო სუბიექტებს ეკუთვნოდა და ახალი ამბების გვერდ „ფისდატთან“, ასევე რუსულ „ინტერნეტ კვლევის სააგენტოსთან“ იყო დაკავშირებული. სოციალური ქსელების მესვეურების განმარტებით, რუსეთის ოპერაცია შეერთებული შტატების პოლიტიკისა და რასიზმის ნიადაგზე უთანხმოებაზე იყო ფოკუსირებული. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1548 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1270 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 239 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6059 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 25.9 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 18.1 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 861 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 61 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.



close დახურვა