logo
ENG



ამირან გამყრელიძე - pcr ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება

27 ივლ 202012:09
3 წუთის საკითხავი
 
ამირან გამყრელიძე - pcr ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება

კორონავირუსზე ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის 1 415 ადამიანია გამოკვლეული ლილოს ბაზრობაზე, საიდანაც 5-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, 6-ს კი, განმეორებითი კვლევა უტარდება.

„სერიოზული გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს ლილოს ბაზრობაზე, რამეთუ ლილოს ბაზრობასთან გადაიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როგორც გარდაბნის, ისე სხვა კლასტერების, ამიტომ, უკვე 3 დღეა,  იქ დავიწყეთ ინტენსიური ტესტირება ... დღეს კიდევ დაახლოებით 500 ნიმუშზე იქნება პასუხი. ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი გახლავთ უფრო მეტად ყურადღებამისაქცევი ადგილები ქვეყანაში.  ბაზრობებზე ყველაზე მაღალია მობილობა, მაღალია ადამიანთა მისვლა-მოსვლა, საჭიროა მეტი ყურადღება", - ამბობს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ბაზრობებზე გამკაცრებულია თერმოსკრინინგი, დისტანცირება, სანიტარული წესები, ლილოში კი მიმდინარეობს ინტენსიური pcr კვლევები. 

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1 1137 შემთხვევაა გამოვლენილი. 922 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა, 16 კი, გარდაიცვალა.


close დახურვა