logo
ENG



ამომრჩეველს ვერ ვაკადრებ, ოკუპანტის მომხრეს მიეცით ხმაო - თაკო ჩარკვიანი

19 მაი 202017:32
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის მორიგი  შეხვედრა  გაიმართა „ახალი საქართველოს“ ოფისში,  შეხვედრაზე საარჩევნო სტრატეგია და მაჟორიტარული კანდიდატების საკითხი განიხილეს. 

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს - ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა იმედოვნებენ, რომ ამ საკითხზეც მიაღწევენ შეთანხმებას.

„იქნება ეს მაჟორიტარების საკითხი თუ სხვა საარჩევნო თემატიკა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ძალისხმევა იყოს გაერთიანებული, მიმართული საქართველოს გამარჯვებისკენ და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სარგებელისკენ", - აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.

თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ის არ დაუწერს მხარს პრორუსული ძალების მხრიდან წარმოდგენილ კანდიდატებს - როგორც „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი განმარტავს, ის ამომრჩეველს ვერ მოუწოდებს ოკუპანტი ქვეყნისადმი ლოიალურად განწყობილ საარჩევნო სუბიექტებს მისცენ ხმა.

„რომელ სოფელს ვაკადრო, რომელ ამომრჩეველს ვაკადრო, რომ რუსული ოკუპანტის მომხრეა წარდგენილი და იმას მიეცით ხმაო. დასავლური ვექტორის ყველა კანდიდატის მიმართ - ყველას მწვანე გზა. ანგარიშვალდებული ვარ ამომრჩევლის წინაშე და მონაწილეობას მივიღებ, მაგრამ ამ სიაზე და მაჟორიტარებზე ყველაზე ნაკლებად", - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი კი ამბობს, რომ მას კონკრეტულ ოლქში მაჟორიტარად კენჭის ყრის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია - ნინო ბურჯანაძის განმარტებით, კონსულტაციების დასრულებამდე კონკრეტიკაზე საუბარი ნაადრევია.

„პოლიტიკოსები არიან ერთიანი ამ გაერთიანებაში და ვინც ვერ ხვდება ამის მნიშვნელობას, წყალს ასხამს ივანიშვილის წისქვილზე წყალს. ჩემს მაჟორიტარობაზე გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ აუცილებლად ვთვლი ოპოზიციაში ამ საკითხზე კოორდინირებას. როგორ მოხდება სიის ფორმირება - ჯერ კონკრეტიკაზე ნუ ვისაუბრებთ, კონსულტაციები გრძელდება და ვფიქრობ, შეთანხმებას შევძლებთ", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები განცხადებით, გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი ისევ საკვანძო საკითხად რჩება. მანამდე ისინი საკონსტიტუციო განხილვების პროცესში არ ჩაერთვებიან.


close დახურვა