logo
ENG



ამომრჩევლებს დაშინების გარეშე უნდა მიეცეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა - დეგნანი

29 ივლ 202019:22
3 წუთის საკითხავი
clock 593
n884l91dn6t3ul2.jpg

 

საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აუცილებელია მომავალ არჩევნებში ამომრჩევლებს დაშინების გარეშე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში მიეცეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა, რათა არჩევნების შედეგების მიმართ ნდობამ იარსებოს. 

"ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ მიღებული საკონსტიტუციო რეფორმით და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმით. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში არ ასახულა ყველაფერი, ჩვენი და სხვა საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებიდან, კანონმდებლობა მნიშნველოვნად გაუმჯობესდა. 

ახლა საკვანძო საკითხია მიღებული კანონმდებლობის განუხრელად შესრულება და იმპლემენტაცია მოსალოდნელი არჩევნების პერიოდში, იმისათვის, რომ ამომრჩევლებს დაშინების გარეშე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში მიეცეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა, მათ შორის იმისათვის, რომ არსებობდეს ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. 

ასევე ვიტყვი, რომ წარმატებული არჩევნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ამომრჩეველთა სათანადო ინფორმირების კამპანიის ჩატარება, იმისათვის, რომ ამომრჩევლებს ესმოდეთ, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როგორ მისცენ ხმა უსაფრთხოდ, რა არის მათი საარჩევნო უფლებები და რა არის მათი მოლოდინები არჩეული ხელისუფლების მიმართ", - განაცხადა დეგნანმა. 

ამერიკის ელჩმა ოპოზიციურ პარტიებს შორის საერთო კანდიდატების გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა. მისი თქმით, ოპოზიციაში მიმდინარე ურთიერთათმობების პროცესი ჯანმრთელი დემოკრატიული პროცესია. 

"მრავალი მიმართულებით, სწორედ ამას გულისხმობს დემოკრატიული პროცესი. პარტიებს შორის ურთიერთდათმობებს, ამომრჩევლებისთვის რელევანტური პრომბლემების განხილვას და იმგვარი პლატფორმების მოფიქრებას, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს ამომრჩეველთა პრიორიტეტებს, ასევე იმის ახსნას, თუ როგორ უპასუხებენ სხვადასხვა პარტიები ამ პრიორიტეტებს.

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ის ურთიერთდათმობების პროცესი, რომელიც ოპოზიციაში მიმდინარეობს, არის ჯანმრთელი. იმედი მაქვს ისინი მალე დაიწყებენ საკუთარ პლატფორმებზე ყურადღების გამახვილებას და იმის ახსნას, თუ რას მოუტანენ ამორმჩევლებს, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. სწორედ ეს არის მთავარი მომავალ ოქტომბრის არჩევნებში", - განაცხადა დეგნანმა.

 

 

 


close დახურვა