logo
ENG



ამომრჩევლის აღნუსხვა, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა - TI-ის მიერ გამოვლენილი დარღვევები

30 ოქტ 202113:39
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს.

მათი ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე, 100 მეტრის მანძილზე პარტიული კოორდინატორების თავშეყრა შეინიშნება, ასევე მიმდინარეობს უბნებზე მისული ამომრჩევლის აღნუსხვა, რამდენიმე უბანზე კი, ამომრჩეველი მარკირების შემოწმების გარეშე დაუშვეს. 

ორგანიზაციაში ასევე საუბრობენ ზუგდიდში, ფორმულას ჟურნალისტის, დავით მანიასთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლაზე და აღნიშნავენ, რომ პოლიცია ჟურნალისტის უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებდა.

TI-ს მიერ გამოვლენილია შემდეგი დარღვევები:

კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა

მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის მანძილზე, პირველი ტურის მსგავსად, შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს.

საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლის აღნუსხვა

#79 ბათუმის, #17 თელავის და  #20 რუსთავის საარჩევნო ოლქების ბევრ უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მოსული ამომრჩევლის ვინაობას ხმამაღლა აცხადებდა, რასაც უბანზე მყოფი სხვადასხვა უფლებამოსილი პირი ინიშნავდა და აგზავნიდა.

გარდა ამისა, #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #66 უბანზე ამომრჩეველთა რეგისტრატორები მოსული ამომრჩევლის რიგით ნომრებს ცალკე ინიშნავდნენ. მათი თქმით, ამას ისინი კომისიის თავმჯდომარის დავალებით აკეთებდნენ. ჩვენი დამკვირვებლის მითითების შემდეგ რეგისტრატორებმა შეწყვიტეს ეს ქმედება.

მოსული ამომრჩევლის უბნის შიგნით აღრიცხვა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, ვინაიდან ასეთი ქმედება ამომრჩევლის ნების კონტროლად არის აღქმული და უარყოფითად იყო შეფასებული ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ.

დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა

#25 ფოთის საარჩევნო ოლქის #7 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ აძლევდნენ პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობას და გამოაძევეს უბნიდან. ამ უბნის კომისიის თავმჯდომარე, ზაველი ღაღანიძე ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა ჩვენს დამკვირვებელს, ასევე, აგრესიულობით გამოირჩეოდა ამავე უბანზე მყოფი ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ნათია ჩიკვაიძე.  

საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მარკირების გარეშე შეშვება

#69 ჩხოროწყუს ოლქის #15 უბანზე, 10-მდე ამომრჩეველი მარკირების შემოწმების გარეშე დაუშვეს უბანზე. დავწერეთ საჩივარი და კომისიის თავმჯდომარისა და ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა მოვითხოვეთ.

ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 და #81 უბნების მიმდებარედ, ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს, დავით მანიას, „ქართული ოცნების” კოორდინატორები ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში; პოლიცია ადგილზე იყო, თუმცა ჟურნალისტის უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებდა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ ჩადენილი დარღვევები

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის უბნებზე ტენდენციის სახე ჰქონდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების „კავშირი მწვანე დედამიწის” და „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს“ რამდენიმე დამკვირვებლის ერთსა და იმავე უბანზე ერთდროულად ყოფნას, რაც კანონით არ არის დაშვებული. ჩვენი დამკვირვებლების მითითების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე ზედმეტ დამკვირვებელს უბნიდან უშვებდა.

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #2 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ დამკვირვებელი დიდი ხნის განმავლობაში ნაკადის მომწესრიგებლის გვერდით იდგა, ყველა ამომრჩეველს ეკითხებოდა სახელს და გვარს და ინიშნავდა მათ ვინაობას.


close დახურვა