აკრძალვის მიუხედავად ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ ავტომობილით გადაადგილების ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმაურებიან. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ფარცხალაძეს გადაადგილებისთვის საჭირო საშვი არ ჰქონდა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ხელისუფლება გარკვეულ პირებს პრივილეგიებს ანიჭებს. მესამე სექტორში ასევე აცხადებენ, რომ კანონდარღვევა გავრცელებულ ვიდეოშიც იკვეთება, რადგან ფარცხალაძის გვერდით ავტომობილში კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა.
„განსაკუთრებული გამოძიება არ სჭირდება თუ სად იმყოფება. ფარცხალაძე არ არის რიგითი მოქალაქე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე უნდა იყოს. მისი სტატუსიდან, საქმიანობიდან გამომდინარე და კავშირებით გათვალისწინებით, მგონი მარტივად შეუძლიათ შესაბამის პირებს იპოვონ ის და მიიღონ მისგან ინფორმაცია. აქ მთავარია პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გვითხრას რა იყო, როგორ იყო, რატომ იყო და მეორე - მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება. თვითმიზანი ის კი არ არის ფარცხალაძე დაჯარიმდეს თუ არა, მნიშვნელოვანია ის რომ ყველა მოქალაქე თანაბრად იყოს კანონის წინაშე და ვიღაცას არ ჰქონდეს განსაკუთრებული სტატუსი“, - განაცხადა საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ.
შერჩევითი სამართლის მაგალითად აფასებს ფაქტს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.
„ფაქტები რომ გარეთ ცხოველი გაექცა ამაზე გამოვიდა ადამიანი 9 საათის შემდეგ და დააჯარიმეს, ან ადამიანებს, რომლებიც ყვავილებს ყიდდნენ, ასეთი ადამიანები არ დაინდო სახელმწიფომ და სამი ათასი ლარით დაჯარიმდნენ. ამ ფონზე, ადამიანი, რომელსაც როგორც ჩანს საშვი არ აქვს, გადაადგილდება ავტომობილით იმ დროს, როდესაც შეზღუდვაა დაწესებული და არ ჯარიმდება. ბუნებრივია ეს არის კანონის შერჩევითი აღსრულება და შერჩევითი სამართალი“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამორიცხავენ, რომ ეს შემთხვევაც სხვა არაერთი გახმაურებული საქმის მსგავსად, სათანადო რეაგირების გარეშე დარჩეს. მათი თქმით, რაც უფრო გაჭიანურდება საკითხზე სიმართლის დადგენა, მით უფრო გაიზრდება მოქალაქეებში უსამართლობის გაზრდა და მათი უკმაყოფილება.
შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძე საკუთარი ავტომობილით ქალაქში 26 აპრილს გადაადგილდებოდა. ეს მაშინ, როდესაც ქალაქში ავტომობილით მოძრაობა მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს შეეძლოთ. „ფორმულა ნიუსის“ ინფორმაციით, ფარცხალაძეს ასეთი საშვი არ აქვს.