ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, არასათანადო მოპყრობის შესახებ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა - ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
"საჩივარი შეეხება 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას და ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებას. საია დავობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები - წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა და ამასთან კავშირში ეფექტიანი გამოძიების წარმოების ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვა, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება. აღნიშნული საჩივარი 2026 წლის 4 მარტს გაიგზავნა და ევროპულმა სასამართლომ საქმე 1 კვირაში, 2026 წლის 11 მარტს, უკვე დაარეგისტრირა. ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ ორგანიზაციას 1 აპრილს ეცნობა" - ვკითხულობთ საიას განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ სარჩელში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება, ამასთან მედიამენეჯერის მიმართ დაირღვა წამებისა თუ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპები.
ცნობისთვის, გამოცემების "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ორი საჩივარია გაგზავნილი. საჩივრები მზიას უკანონო პატიმრობასა და ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებულ პროცედურულ დარღვევებს ეხება.
