logo
ENG



ანალიტიკოსი: სტატისტიკა არასწორ წარმოდგენებს ქმნის ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო კლიმატზე

01 თებ 202022:55
3 წუთის საკითხავი
 

"ხშირია ეკონომიკის რიცხვებით მანიპულირება, რაც არასწორ წარმოდგენებს გვიქმნის ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო კლიმატზე",- ასე აფასებს ანალიტიკოსი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი მაკალათია ოფიციალურ სტატისტიკას ქვეყნის საინვესტიციო მდგომარეობის შესახებ.

მისი თქმით, ციფრები მზარდია არა რეალური ინვესტორის ხარჯზე, არამედ კონკრეტული გარემო ფაქტორების საფუძველზე. 

"მაგალითად, საინვესტიციო გარემო რომ ავიღოთ, ბოლო წლებში თითქოს ქვეყანა ვითარდებოდა, თუმცა 2019 წელს ინვესტიციები მკვეთრად დავარდა. ეს არ იყო მოულოდნელი, რადგან მთავარი საინვესტიციო ქვეყანა ჩვენთვის გახლდათ აზერბაიჯანი. ეს უკანასკნელი ინვესტირებას შაჰდენიზის პროექტის მიმართულებით ახდენდა და ამ პროცესში აღნიშნული დადებითად აისახებოდა სტატისტიკაზეც. ამაში ცუდი არაფერია, თუმცა საქმე იმაშია, რომ როგორც კი დასრულდა პროექტი, მივიღეთ ინვესტიციების კლება. არადა საჭიროა მრავალფეროვანი საინვესტიციო გარემო, რომ არ ვიყოთ ერთ კონკრეტულზე დამოკიდებულნი. ასევე პრობლემაა ისიც, რომ ძალიან ხშირად ქართული კომპანიები დარეგისტრირებულნი არიან ოფშორულ ზონებსა და ევროპის ქვეყნებში. ისინი ახორციელებენ შიდა ინვესტიციებს, მაგრამ სტატისტიკაში ეს აღირიცხება როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. შესაბამისად, ხდება რიცხვებით მანიპულირება, რის უკანას სულ სხვა ეკონომიკური კლიმატია",-აღნიშნა მაკალათია. 

მისივე თქმით, ამ მოცემულობაში კიდევ უფრო მძიმე შედეგების მომტანია ამერიკელი კონგრესმენების გზავნილები, რადგან აღნიშნული ასევე პირდაპირ აისახება ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე.

"ამერიკელი კონგრესმენები გზავნილები უარყოფითად მოქმედებს პოტენციურ ინვესტორებზე და როცა ხედავენ პოლიტიკურად არასტაბილურ ვითარებას თავს შეიკავებენ აქ შემოსვლით. საუბარი არაა იმაზე, რომ მხოლოდ ამერიკა შეწყვეტს ინვესტირებას, არამედ ეს განწყობა გადაიგზავნება სხვა ქვეყნებზეც, სხვა ინვესტორებზეც",-განმარტა ირაკლი მაკალათიამ

 


close დახურვა