logo
ENG



მეუფე იობი: ტელევიზიიდან ადიდებენ ვიღაცას და ამას საზოგადოებას აჯერებენ

29 ნოე 202618:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/29/1k852ii2o7nqfrw.png

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ ჩვენ გარშემო გონებაახდილი საზოგადოებაა, რომელთაც გარჩევის უნარი აღარ აქვთ, რადგან მასმედიით და სოციალური ქსელებით, რასაც სთავაზობენ იმას განუსჯელად ღებულობენ და იჯერებენ.

მეუფე იობი საზოგადოებას სულიერი სიფხიზლის, თავმდაბლობისა და განსჯის უნარის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. 

მისი თქმით, ხშირად ტელევიზიით აქებენ ადამიანებს და საზოგადოებას აჯერებენ განსჯის გარეშე, რომ ის კარგია. 

"ღვთის წინაშე ყველა ერთნი ვართ; ღარიბი, გლახაკი, ცოდვილი და უფალს ყველა უყვარს, ოღონდ მონანული, თუკი ადამიანს სინანული ექნება, ყველას შეიყვარებს.

მე არაერთგზის მითქვამს, რომ ყველანაირი ცოდვილი, ცოდვის მქონე, წმინდანი გვყავს. ეს რაზე მეტყველებს, რომ ჩვენ რანაირ ცოდვაშიც არ უნდა ვიყოთ ჩავარდნილი, ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ და სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ. უფლის იმედი უნდა გვქონდეს და სინანული გამოვხატოთ, გონიერება ამაში მდგომარეობს.

ჩვენ დღეს იცით რომელ ეპოქაში ვიმყოფებით? როგორც ანტონი დიდმა იხილა, „ბოლო ჟამის ადამიანებს გონება ეხდებათ“

ჩვენ გარშემო გონებაახდილი საზოგადოებაა, გარჩევის უნარი, რომ აღარ აქვთ, მასმედიით და სოციალური ქსელებით, რასაც სთავაზობენ იმას განუსჯელად ღებულობენ, პირდაპირ ღებულობენ, რომ ვიღაც ვიღაცას აქებს და ჰგონიათ, რომ ის ისეა. თვითონ განსჯის უნარი აღარ აქვთ და ვიღაცის მიმართ შემოთავაზებულ ქება-დიდებას პირდაპირ ღებულობენ, არადა დაფიქრება გვმართებს, ყველას აწერია ვინ ვინ არის. სულიერი კითხვა უნდა იცოდე - ადამიანის სახეს რომ შეხედავ, ის ვინ არის უნდა წაიკითხო, სულიერება ამაში მდგომარეობს და სულიერი ადამიანი ასეთია.

სახეზე ყველას აწერია ვინ არის, რა ცოდვის მატარებელია, რა წარსული და რა სარწმუნოება აქვს, აი ამ სულიერ კითხვას ვინც ისწავლის, თავისი ღვაწლით  ის არის ნამდვილი სულიერი ადამიანი, არა ის ვისაც სოციალური ქსელებიდან, ტელევიზიიდან და მასმედიის საშუალებიდან აქებენ და ადიდებენ ვიღაცას და ამას იჯერებენ. ასე არ არის, განსჯის უნარი უნდა გაგვაჩნდეს, ამაში მოგვდევს სულიერება. ვინ არის სულიერი ადამიანი? ის ვისშიც სული წმინდის მადლი მკვიდრობს, ვისში მკვიდრობს სული წმინდის მადლი? თავმდაბალ ადამიანში. ამპარტავანი ადამიანი არ არის ჭეშმარიტება, ის ეშმაკისგან არის, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ცოდვა ამპარტავნებაა. სულიერი ადამიანი არის თავმდაბალი.

ჩვენ ძალიან ხშირად გვეშლება, რომ ქება-დიდებას ვიღაც კაცს ასხამენ, მაგრამ ვისგან მოდის ეს ქება დიდება, ეს უნდა გაიკითხო. ვინ არის ის პიროვნება, ვინც სხვას აქებს? არის სულიერი, თავმდაბალი და უბრალოდ ადამიანი? არადა ძალიან ბევრს გვეშლება, მათ შორის, სასულიერო პირებსაც, იმიტომ რომ ამპარტავნება ყველგანაა, რიგით ადამიანში და სასულიერო პირშიც. ასე რომ, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, ძალიან დიდი წინდახედულობა უნდა გამოვიჩინოთ მოვლენებისა და ადამიანების შეფასებაში. ყველაზე კარგად უფალი აფასებს ადამიანს, უფალი მუდამ მხილავია მის გულში რა ხდება, რა მდგომარეობაა. მერე სულიერი ადამიანი აფასებს ჭეშმარიტად ადამიანს, რომელშიც სული წმინდა ფიქრობს, ვისშიც არ ფიქრობს მის შეფასებას აზრი არ აქვს, მასზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო“, რაც არის იმ ადამიანში იგივეს გამოხატავს და თუ მას დაუჯერებ შენც მისნაირი ადამიანი ხარ, თქვენს შორის არაფერია განსხვავება.

ამიტომ სწორი შეფასება უნდა გვქონდეს ადამიანებისა და მოვლენების, ამას აკეთებს სული წმინდა. მის გარეშე ჩვენ არასწორ შეფასებას ვაკეთებთ, ამიტომ ძალიან დიდი სიფხიზლე გვმართებს, რადგან ბოლო ჟამს, კაცობრიობის უმრავლესობა ანტიქრისტეს მიიღებს, როგორც მესიას და მხსნელს, რადგან უმრავლესობაში აღარ იქნება სული წმინდის მადლი უმრავლესობა აღიარებს ანტიქრისტეს, როგორც მესიას, მაგრამ ვისშიც სული წმინდა სიმდაბლე თავმდაბლობა და უბრალოება იქნება ის დაინახავს, რომ ანტიქრისტე ანტიქრისტეა და მისი სწავლების მოწინააღმდეგეა, ასე, რომ ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ არ უნდა ავყვეთ რაღაც მოვლენებს, სხვამ ჩვენზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, არამედ ჩვენ სული წმინდის მიმართ მგრძნობიარე უნდა ვიყოთ, ის რას გვიკარნახებს და გვეტყვის. ასე რომ, ძალიან რთულ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება და შევეცადოთ, რომ ღმერთმა სიმდაბლე მოგვცეს, „დაბალთა მიეცემის მადლი“, ეს ყოველთვის გვახსოვდეს და ჩვენ თავზე დიდი წარმოდგენა არ შევიქმნათ", - თქვა მეუფე იობმა. 


close დახურვა