ზუგდიდის ენმ-ის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია ამომრჩევლებს მხარდაჭრისთვის მადლობას უცხადებს.
"დიდი მადლობა, ჩემო ზუგდიდელებო, იმ მხარდაჭერისთვის, იმ სიმამაცისთვის, რაც თქვენ ამ ომში გამოიჩინეთ. მადლობა ყველას და მერწმუნეთ, ვიქნები თქვენი ოჯახის მერი. კანდიდატსაც მივმართავ - მაგის მერიც ვიქნები. დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გვერდიდან არ მომშორებიან და გამარჯვებისთვის ვაჟკაცურად იბრძოდნენ". - თქვა მან ბრიფინგზე.
ანზორ მელიამ მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილსაც.
"მინდა, მადლობა მოვახსენო ჩემს უძვირფასეს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს იმ თანადგომისთვის, იმ სიყვარულისთვის, რასაც მე ვგრძნობდი ციხიდან გამოგზავნილ წერილებში. მადლობა ყველას და მერწმუნეთ, მე გავამართლებ თქვენს ნდობას". - თქვა მან.
მთავარი არხის ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ოპოზიციის მერობის კანდიდატი იმარჯვებს 5 დიდ ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში.
ეგზიტპოლის მიხედვით, ზუგდიდიში მამუკა წოწერიამ ხმების (ქართული ოცნება) - 47% მიიღო, ანზორ მელიამ (ენმ) - 53%;
დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.
არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.