logo
ENG



ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

17 ნოე 202512:22
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/17/rhsrze9l7562f17.jpg

ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვიილის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ორივე სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან გაუქმდება და მათი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. 

"ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს, არსებითად, დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. [...]

[პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის] ფუნქციები, ასევე სრული ფუნქციებით გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს , როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს, როგორც დამოუკიდებელი ორგანო აუდიტის სამსახური სარგებლობს უნსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან", - თქვა მან ბრიფინგზე. 

11 ნოემბერს ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს - მოგვიანებით, თავად რაჟდენ კუპრაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ "სანამ უწყება იარსებებს, ის იქნება ხელმძღვანელი".

დღევანდელ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა ასევე თქვა, რომ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ბიზნესომბუდსმენი გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში.

"ამ ბლოკის მესამე ინიციატივა ეხება ბიზნესომბუდსმენს, რომელიც ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, რაც ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. 


close დახურვა