logo
ENG



ანტიკრიზისული გეგმა მთავრობამ ბიზნესის წამყვანი მოთამაშეების გარეშე შეიმუშავა

24 აპრ 202020:25
3 წუთის საკითხავი
 

ანტიკრიზისული გეგმა მთავრობამ ბიზნესის წამყვანი მოთამაშეების გარეშე შეიმუშავა და ქვეყნის ძირითადი დამსაქმებლების რეკომენდაციებიც არ გაუთვალისწინებია. ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო კომპანიების გადასარჩენად და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად.

ერთადერთი, რაც ხელისუფლებამ დამსაქმებლებისთვის შეღავათის სახით დაგეგმა, საშემოსავლო გადასახადს ეხება, კომპანიები 750 ლარის ოდენობის ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ანტიკრიზისულ გეგმაში კი ვერ მოხვდა ის, რასაც ბიზნესი ერთი თვეა ითხოვს, საპენსიო და საშემოსავლო გადასახადების შეჩერება და დღგ-ს გადავადება. 

ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელები გიორგი გახარიას მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას ჯერ კიდევ სწავლობენ, თუმცა მათთვის ერთი შეხედვითაც გასაგებია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეების მთავარი რეკომენდაციები, რომელიც ბიზნესს სიცოცხლის უნარიანობას შეუნარჩუნებდა და ბიუჯეტს შემოსავლებით უზრუნველყოფდა, არ გაითვალისწინა

ერთადერთი საკითხი, რომელსაც გახარიას მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში მოხვდა, საშემოსავლო გადასახადებს ეხება. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს, 6 თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასებზე სრულ სუბსიდიას მიიღებს, იგივე ანუ 750 ლარის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებას მიიღებენ ის ვაკანსიებიც, რომლის ანაზღაურებაც 1500 ლარამდეა. თუმცა არაფერი უთქვამს იმ დასაქმებულებზე ვისი ხელფასიც 1500 ლარზე მეტია. 

ბიზნესის და შესაბამისად ეკონომიკის გადარჩენის გეგმას სექტორის წარმომადგენლები თვეზე მეტი ელოდებოდნენ. მზად იყვნენ კონსულტაციებისთვის თუმცა არავინ მოუსმინა. დამსაქმებლებს არ მოსწონთ ისიც, რომ იმ ადამიანებს ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, სახელმწიფო 200 ლარით ეხმარება. არადა უმრავლესობის ხელფასი სულ მცირე სამჯერ მეტი იყო და ბიზნესი რომ არ დაეხურათ, ან ონლაინ ვაჭრობა არ აეკრძალათ - ათი ათასობით ადამიანის ხელფასების გადახდას შეძლებდნენ. 
 
ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებისთვის გაუგებარია ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილიც, რომელიც სესხებს ეხება. ამბობენ, რომ სესხების გასაცემად 600 მილიონი ლარის დახარჯვაზე გამართლებული - საპროცენტო განაკვეთების დაწევა იქნებოდა. არც ის იციან ლარის რეკორდულად გაუფასურების პირობებში როგორ უნდა აწარმოონ, გაყიდონ ან მიიღონ უკვე გაყიდული სერვისების ანაზღაურება მაშინ, როცა ზარალის გათვლა კრიტიკულ ნიშნულზე - ანუ სამ ლარზე ჰქონდათ. 

ბიზნეს სექტორი ხელისუფლებისგან ლარის კურსის დასტაბილურებას და პროცესში ეროვნული ბანკის ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს. ეკონომიკის გადარჩენისთვის კი ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეები პოსტ კრიზისული გეგმის შემუშავებაში ჩართულობას ითხოვენ.


close დახურვა