ქვეყნის კინოთეატრებთან გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას აკისრებს. მათი აზრით, ჰომოფობიური ჯგუფები ხელისუფლების ხელშეწყობით მოქმედებენ და რუსულ ინტერესებს ატარებენ. ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ უმრავლესობაში. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მთავარია ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული. რაც შეეხება ძალადობრივი ჯგუფების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხს, თალაკვაძის თქმით, სამართალდამცველები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ კინოს ჩვენების ჩაშლის გეგმა და ძალადობრივი ქმედებები მისთვის მიუღებელია.
„მე ვფიქრობ ქართველი საზოგადოება არის ბრძენი, რომ თვითონ განსაზღვროს რომელ კინოში წავიდეს, რა ნახოს და თვითონ გამოიტანოს დასკვნა. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ის რაც კანონით არის დაშვებული არ შეიძლება ვიღაცამ თავისი გადაწყვეტილებით და მუქარის ფონზე მიიღოს რაღაცა ქმედებები, რომ ვიღაცას შეუზღუდოს გადაადგილებები, ყურება და მითუმეტეს რაღაცა ცენზურის ელემენტები გაჩნდა, ეს არის მიუღებელი“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას თქმით, პროცესები ხელისუფლებასთან კოორდინირებით ხდება და ამით ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება მოსწყვიტოს მნიშვნელოვან პრობელემებს.
„ეს ძალები ორივე მხარეს ორგანიზებული არის, ზოგიერთი შეიძლება გულწრფელადაც იყოს, მთლიანად კოორდინირებული არის ხელისუფლებასთან, რათა არსებითი პრობლემებიდან, როგორიც არის ოკუპაცია, როგორიც არის გარეჯის დაკარგვა, როგორიც არის შიმშილი, მოსახლეობის გარდაცვალება, ხელისუფლების კორუფციული და დანაშაულებრივი ქმედებები, მოწყვიტონ საზოგადოების ყურადღება ამ უმნიშვნელოვანეს სასიცოცოცხლო თემებს“, - განაცხადა გუგავამ.
კინოთეატრ „ამირანთან“ მომხდარ ამბებს გამოეხმაურა, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ალექსანდრე ბარამიძეც, მისი თქმით დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობა, იმ ადამიანების ინტერესებშია, ვისაც არ სურს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრირება.
„პირველ რიგში, მე ვხედავ იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომლებიც ღია აგრესიისკენ მოუწოდებენ გარკვეული შეხედულებების მქონე ადამიანებს და ვითომ მშვიდობიანად მოუწოდებენ მათ, რომ გაწიონ პოლიციელები, შევიდნენ კინოთეატრებში და ჩაშალონ ფილმის ჩვენება, ასეთი აქტების განხორციელება ძალადობის გარეშე არის შეუძლებელი. საბოლოო ჯამში დესტაბილიზაცია, არეულობა, სოციალური ქიშპი და შუღლი იმ სახელმწიფოს ინტერესებში შედის, რომელსაც არ უნდა რომ საქართველო გაძლიერდეს და მოხდეს მისი ინტეგრაცია ევროპულ და დასავლურ ცივილიზაციაში და უსაფრთხოების სისტემაში“, - განაცხადა ბარამიძემ.