თურქეთის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ "ბეშიქთაშისა" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ-შევას" მატჩის სტამბოლში ჩატარება სახიფათო იყო.
საქართველოს ხელისუფლებამ კი მიიჩნია, რომ ის, რაც სტამბოლისთვის ზედმეტად სახიფათოა, ბათუმისთვის სრულიად მისაღებია.
ეს არის საწყისი წერტილი, საიდანაც ბათუმში მომხდარი უნდა შევაფასოთ.
თურქეთსა და ისრაელს შორის ღაზის ომის ფონზე უკიდურესად დაძაბული ურთიერთობაა. ერდოღანი პალესტინის საკითხს მუსლიმურ სამყაროში ლიდერობის განსამტკიცებლად აქტიურად იყენებს. "ბეშიქთაში" კი უბრალოდ საფეხბურთო კლუბი არ არის - მას ჰყავს მრავალრიცხოვანი, ორგანიზებული და ხშირად აგრესიული გულშემატკივარი.
ეს ყველაფერი იცოდა თურქეთის ხელისუფლებამ და ამიტომ მატჩი სტამბოლიდან გაიტანა. ეს ყველაფერი უნდა სცოდნოდა საქართველოს ხელისუფლებასაც, როდესაც მატჩი ბათუმში ჩატარებას - თანაც მაყურებლების დასწრებით დათანხმდა.
შედეგად, ქალაქში ჩამოსულ გულშემატკივართა ნაწილი ჯერ სტადიონისკენ მსვლელობისას დაუპირისპირდა პოლიციას, შემდეგ კი დაძაბულობა ტრიბუნებზე გაგრძელდა. მატჩი თითქმის ნახევარი საათით შეწყდა. შსს-ს ცნობით, გულშემატკივრები პოლიციელებს ბოთლებს, ქვებსა და სხვა საგნებს ესროდნენ, არ ემორჩილებოდნენ მათ მოთხოვნებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ. დაშავდა სამი პოლიციელს ჰისპიტალიზება დაჭირდა და 16 ადამიანი დააკავეს.
თურქულმა მხარემ კი ქართული პოლიცია პალესტინის დროშების გამო გულშემატკივრებზე თავდასხმასა და არაპროპორციული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა.
"ბეშიქთაშის" პოზიციას შეუერთდნენ თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია და ქვეყნის თითქმის ყველა დიდი კლუბი. აფეთქდა თურქული სოციალური ქსელები, პოლპულარულ პსახიობებიან ოზალიანად ყველამ გადაწყვიტა, რომ ქართველი პოლიციელების სტუმარმასპინძლობა დაეგმოთ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს თურქმა კოლეგამ დაურეკა და უბრალოდ კი არ ესაუბრა - საუბრის ვიდეოჩანაწერი საჯაროდ გამოდო. მაკა ბოჭორიშვილს - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრა. ერთადერთი მგონი თურქეთის კულტურის მინისტრს არ შეუჭუხებია ქართველი კოლეგა - ისიც ალბათ იმიტომ, რომ ხშირი საკადრო მონაცვლეობის გამო ახლანდელი მისტრის ვინაობა ოპერატიულად ვერ დაადგინეს...
ხუმრობა იქით იყოს მეორე დღეს საქართველოს ელჩი ანკარაში დაიბარეს და, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებით, "საჭირო გაფრთხილებები" მისცეს. მოკლედ, საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე გამართული მატჩის გამო პარტნიორი ქვეყნისგან საჯარო და საკმაოდ დამამცირებელი დატუქსვის ობიექტად იქცა.
ამ დროს უეფას ვერსია თურქული მედიის მიერ გავრცელებულ მთავარ ბრალდებას არ ადასტურებს. უეფას ინფორმაციით, ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქართული პოლიცია "ბეშიქთაშის" გულშემატკივართა სექტორში თავად თურქ ქომაგებს შორის დაწყებული დაპირისპირების შესაჩერებლად შევიდა.
გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, სად იყო პოლიციის მოქმედება აუცილებელი და სად - არაპროპორციული. მაგრამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იმ მომენტიდან არ იწყება, როდესაც პირველი პოლიციელი ტრიბუნაზე შევიდა.
მთავარი კითხვა გაცილებით ადრეულ ეტაპს და სტრატეგიული გადაწყვეტილების ეტაპს უკავშირდება:
ვინ გადაწყვიტა, რომ ის, რაც სტამბოლში უსაფრთხოების გამო ვერ ჩატარდებოდა, ბათუმში უპრობლემოდ გაიმართებოდა?
ვინ შეაფასა რისკები?
ვინ გასცა თანხმობა მაყურებლების დასწრებაზე?
და ვინ აიღო პასუხისმგებლობა შედეგზე?
საგარეო ეფექტამდე ინციდენტის შემდეგ მოხდარის შიდა რეზონანსზე უნდა ვთქვათ 2 სიტყვა:
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ გულშემატკივრები პოლიციელებს ქვებს, ბოთლებსა და ბლაგვ საგნებს ესროდნენ. ამბობს, რომ ისინი ძალადობდნენ, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ და სამართალდამცველებს ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ.
შემდეგ კი ვიგებთ, რომ თექვსმეტივე დაკავებული მეორე დღესვე სასამართლოს გარეშე გაათავისუფლეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ამას "განსხვავებული მოვლენა" უწოდა.
ანუ, პოლიციელს ჯერ სახელმწიფოს სახელით აგზავნი ძალადობრივი ჯგუფის შესაჩერებლად. შემდეგ კი მასზე თავდამსხმელს იმავე სახელმწიფოს სახელით სასწრაფოდ ათავისუფლებ, რადგან ანკარიდან მინისტრმა დარეკა.
ამით შეურაცხყოფ მხოლოდ პოლიციელს კი არ აყენებ - თავად ქართულ კანონს უკარგავ ავტორიტეტს.
ასეთი საქციელის გააზრებისას განსაკუთრებით მძიმეა მისი შედარება იმასთან, თუ როგორ ექცევა ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს.
ქართველ ახალგაზრდებს, ქალებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებს გზის გადაკეტვისთვის, ბანერის დაზიანებისთვის, კედელზე წარწერისთვის ან პოლიციელთან სიტყვიერი დაპირისპირებისთვის სასტიკად უსწორდებიან და თვეებითა და წლობით ამწყვდევენ ციხეში.
უცხოელ გულშემატკივრებს კი, რომლებსაც თავად შსს პოლიციელებზე ფიზიკურ თავდასხმაში ადანაშაულებს, დიპლომატიური ზარის შემდეგ ათავისუფლებენ.
გამოდის, საქართველოში კანონის სიმკაცრეს დანაშაულის სიმძიმე კი არ განსაზღვრავს, არამედ დამრღვევის მოქალაქეობა და მის უკან მდგომი სახელმწიფოს ძალა.
ახლა მთავარი პოლიტიკური კითხვა: როგორ აღმოვჩნდით აქ?
პირველი შესაძლო პასუხი უკიდურესი არაკომპეტენტურობა და უპასუხისმგებლობაა. ქართული ოცნების პირობებში ეს მიზეზი არასოდეს მდგარა მეორე, ან მესამე რიგში. ერთადერთი რაში კომპეტენციის ნაკლებობასაც ვერ დავაბრალებთ - ყველა ნებადართული, თუ აკრძალული გზით ფულის კეთება და ფუფუნებაში ცხოვრებაა... თუმცა მაინც მივუბრუნდეთ კომპეტენციებს:
საგარეო საქმეთა სამინისტროს მომენტალურად უნდა მოეხდინა ალარმიზაცია თურქეთ-ისრაელის ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის მასშტაბის გამო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა შეეფასებინა პოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები და გაეცა უარყოფითი რეკომენდაცია მატჩის, მითუმეტეს მაყურებლებით საქართველოში გამართვაზე.
ფეხბურთის ფედერაციას უნდა სცოდნოდა "ბეშიქთაშის" გულშემატკივართა ორგანიზებული ჯგუფების ხასიათი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კი ბევრი პოლიციელის გამოყვანის გარდა, ესკალაციის თავიდან აცილების მკაფიო გეგმაც უნდა ჰქონოდა.
მით უფრო პარადოქსულია ეს ყველაფერი ხელისუფლების პირობებში, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი და თბილისის მერი ყოფილი ფეხბურზტელები არიან.
ყაველაშვილსა და კალაძეს შეიძლება დიდი გეოპოლიტიკური ანალიზი არ მოვთხოვოთ. მაგრამ მათ ნამდვილად იციან, რას ნიშნავს მაღალი რისკის საფეხბურთო მატჩი და რა საფრთხეს ქმნის აგრესიული გულშემატკივრების მასპინძლობა სათანადო მომზადების გარეშე.
ამიტომ რჩება მეორე, გაცილებით მძიმე ვერსიაც:
ხელისუფლებამ რისკები იცოდა, მაგრამ შესაძლო შედეგები მაინც მისაღებად მიიჩნია.
დღეს არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ბათუმის ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი რუსული ოპერაცია იყო. მაგრამ მომხდარის პოლიტიკური შედეგი საოცარი სიზუსტით ემთხვევა რუსეთის ხანგრძლივ სტრატეგიულ ინტერესს - საქართველოსა და თურქეთს შორის უნდობლობის გაღვივებას, ანტითურქული შიშების გაძლიერებას და იმ აზრის დამკვიდრებას, თითქოს სამხრეთიდან მომდინარე საფრთხისგან საქართველოს დაცვა მხოლოდ რუსეთს შეუძლია.
რუსული ჰიბრიდული პროპაგანდა წლებია კვებავს მითს, რომ საქართველოს მთავარი მტერი თურქეთია, რუსეთი კი - მიუხედავად ოკუპაცის, ომების, მოსახლეობის გენოციდის და ჩვენი ტერიტორიების მიტაცებისა - თითქოს ისტორიული დამცველია და რელიგიური იდენტობის გადამრჩენელია.
ბათუმის ინციდენტმა ამ პროპაგანდას ახალი მასალა მისცა.
ერთ მხარეს მივიღეთ თურქეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს საჯარო დატუქსვა. მეორე მხარეს - ქართულ საზოგადოებაში ბუნებრივი წყენა, დამცირების განცდა და ანტითურქული განწყობების გაძლიერება.
ამიტომ მხოლოდ ის არ უნდა გავარკვიოთ - რა მომნტში გამწვავდა ვითარება და იყო თუ არა პოლიციის ძალა პროპორციული.
პასუხი უნდა გაეცეს ბევრად უფრო მნიშვნელოვან კითხვებს:
საქართველოდან ვინ შესთავაზა ბათუმი?
ვინ დათანხმდა მატჩის მაყურებლებით ჩატარებას?
რა დასკვნა წარადგინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა?
რა საფრთხეებზე გააფრთხილეს პოლიტიკური ხელმძღვანელობა?
და თუ გააფრთხილეს - რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება მაინც?
ბოლოს კიდევ ერთი, ამ შემთხვევაში გონიერი ადამიანისთვის არცთუ ნეგატიური შედეგი - ინციდენტმა კიდევ ერთი და ბოლო ხანებში მსუყედ ნაკვები პოლიტიკური ილუზიაც დაამსხვრია - საქართველოს "ნეიტრალიტეტის" იდეა.
ბათუმი ნეიტრალური მოედანი მხოლოდ საფეხბურთო კალენდარში აღმოჩნდა. პოლიტიკურად კი თურქეთ-ისრაელის დაპირისპირება საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა და ქვეყანას არჩევანისა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების საშუალება არ დაუტოვა. დაძაბულ რეგიონში მდებარე პატარა სახელმწიფო ვერ გახდება ვაკუუმი, სადაც დიდი ძალების ინტერესები ერთმანეთს მშვიდობიანად აუვლის გვერდს.
საქართველოს ნეიტრალიტეტი პრაქტიკაში ნიშნავს არა უსაფრთხოებას, არამედ მარტო დარჩენას - რუსეთის, თურქეთისა და ირანის ძლიერი დ მტაცებლური ინტერესების გარემოცვაში. სწორედ ამიტომ ჰქონდა და კვლავ აქვს ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოლიტიკურ შემაკავებელ როლს. ეს კარგად ესმოდა ივანიშვილამდე ყველა იმ ქართველ ლიდერს, რომლებმაც მე-20 საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში დასავლური ინტეგრაცია არა იდეოლოგიურ მოდად, არამედ საქართველოს გადარჩენის სტრატეგიად აირჩიეს.
საბოლოოდ, შეიძლება დიდხანს ვიკვლიოთ, რატომ მოქმედებენ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ასე დამაზიანებლად: უკიდურესი არაპროფესიონალიზმის, კორუფციის, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის არქონისა და პატრიოტული ღირსების დეფიციტის გამო, თუ შეგნებულად - რუსული ინტერესების კარნახით.
ისტორიისთვის ამ ორ ვერსიას შორის განსხვავებას დიდი მნიშვნელობა ექნება.
მაგრამ აწმყოსა და უახლოესი მომავლისთვის განსხვავება სულ უფრო მცირდება: როდესაც შედეგი ერთია - შელახული სახელმწიფოებრივი ღირსება, დასუსტებული ინსტიტუტები, დაზიანებული ურთიერთობა სტრატეგიულ მეზობელთან და გაძლიერებული ანტითურქული განწყობები;
და საქართველო, რომელიც ყოველი ასეთი კრიზისის შემდეგ კიდევ უფრო მოწყვლადი და რუსეთის ინტერესების რეალიზებისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელი მსხვერპლი ხდება.
