პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) წარმომადგენელი ანა არგანაშვილი Facebook-ზე წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ აფრიკის დასახლებაში მცხოვრები 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლის ნგრევის შეჩერებაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
"სასამართლომ არ დაგვიკმაყოფილა მოთხოვნა 8 წლის გიგის სახლის ნგრევის შეჩერებაზე. სასამართლოს დასაბუთება არის ძალიან სევდიანი და ტექნიკური, როდესაც სასწორზე დევს ბავშვის უსაფრთხოება და მისი სახლის გადარჩენა. ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა, რომ ბავშვს ვუთხარით სასამართლო მას მთელი გულით და ყურადღებით მოუსმენდა. სასამართლოს უარს გავასაჩივრებთ. ბავშვმა სამართლიანობის არსებობის იმედი არ უნდა დაკარგოს",-წერს არგანაშვილი.
ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის გიგი ჩანგელიას სახლის ნგრევის შეჩერებასთან დაკავშირებით, სასამართლოს 18 დეკემბერს მიმართა. ჩანგელიას სახლის დანგრევა ხვალ, 20 დეკემბერს არის დაგეგმილი.
ორგანიზაციის წარმომადგენელი, ბავშვთა უფლებადამცველი ანა აბაშიძე ფორმულასთან საუბარში ყვება, რომ ეს არის 6-წევრიანი ოჯახი, სადაც ცხოვრობენ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობლები, მათი 3 შვილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და ხანდაზმული ბებია.
15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 10-მდე ადამიანი კი დააკავეს.
კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებთა დაკავშირებით რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი მერობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მიტაცებას არ დაუშვებს. მისივე მტკიცებით, მათ მიერ დანგრეულ შენობებში ხალხი არ ცხოვრობდა.
აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი სალხს იშენებდნენ და ახალ წლამდე გადასვლას გეგმავდნენ. მათი ნაწილის თქმით, ქუჩაში რჩებიან და წასასვლელი არ აქვთ, აქამდე კი ქირით და ნათესავებთან ცხოვრობდნენ. ოჯახები, რომელსაც უკვე აშენებული აქვთ სახლები, ამბობენ, რომ ეშინიათ, რადგან ფიქრობენ, რომ საცხოვრებელს მათაც დაუნგრევენ.