logo
ENG



არქიმანდრიტი კირიონი: 2012 წელს ნინო კალანდაძე ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას გამოხატავდა

10 ოქტ 202014:30
3 წუთის საკითხავი
 

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში აქცენტს წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ბრალდებებზე აკეთებს. 

კერძოდ, მონასტრის წინამძღვარმა გამოძიებას უთხრა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე 2012 წელს ქვეყნისთვის დამაზიანებელ პოზიციას გამოხატავდა. არქიმანდრიტ კირიონის მიერ პროკურტურისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, ნინო კალანდაძემ ჩიჩხიტურის მონასტერი "აპრიორში მიაკუთვნა აზერბაიჯანს". 

"ივერი მელაშვილის გარდა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას გამოხატავდა იმჟამინდელი მთავრობის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე. მან 2012 წლის მაისის მოვლენების დროს, ოფიციალურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტერი საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოს არ ეკუთვნოდა და წარმოადგენდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ კუთვნილებას. ეს ყოველივე, ჩემი აზრით, წარმოადგენდა სახელმწიფოებრივ დანაშაულს, ვინაიდან ამ პრესკონფერენციიდან 2 საათის შემდეგ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა ორი რამ: როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ეს მონასტრები საბჭოთა კავშირის დროიდან წარმოადგენს აზერბაიჯანის ტერიტორიულ კუთვნილებას... ანუ აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის მხარე დაეყრდნო ჩვენი სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას და უკვე ის, ლამის იურიდიულ რანგში გვიღიარა.

ჯერ დაუდგენელ სახელმწიფო საზღვრის იმ მონაკვეთზე, რომელსაც დავით გარეჯი წარმოადგენდა და რომელზეც მუშაობდა აზერბაიჯანისა და საქართველოს დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიები, სადაც სახელმწიფოო საზღვარი დღემდე დაუდგენელია, მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე "აპრიორში" ამ ტერიტორიებს აზერბაიჯანს მიაკუთვნებდა", - ამბობს არქიმანდრიტი კირიონი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ფორმულას უთხრა, რომ არქიმანდრიტის განცხადება ტყუილია, ხოლო ის, რასაც კირიონ ონიანი ჩვენებაში ამბობს, მხოლოდ მისი ინტერპრეტაცია და ქვეყნისთვის საზიანო განცხადებაა. 

"დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიის ნაწილი დღეს და მაშინაც იყო აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე. მესაზღვრეები აზერბაიჯანმა დააყენა იმ ტერიტორიაზე, სადაც იგი, კეთილი ნების მიხედვით, არ აყენებდა მესაზღვრეებს, მაგრამ 2 კვირაში ეს სიტუაცია განიმუხტა, სწორედ იმიტომ, რომ ეს არის სადავო ტერიტორიები და სწორედ მაშინ შეთანხმდა ამაზე ხელისუფლება ხელახლა. დავა მიმდინარეობს დელიმიტაცია-დემარკაციიის კომისიის ფარგლებში". - თქვა მან. 

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

თავად დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რათა ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები". 

რაც შეეხება ბრალდების საფუძველს - პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი".

ასევე, აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის და მასალების საფუძველზე დაიწყო. მასალა კი თავდაცვის უწყებას ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელისაც, თავის მხრივ, რუსულ სპეცსამსახურებთან აქვს კავშირი. 


close დახურვა