logo

არჩევნებამდე 16 დღით ადრე ეს ამბები უნდა იცოდე

clock 1 clock 110 clock 15 ოქტ 202008:48
deaoywoq3njhdno.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 15 ოქტომბერს უნდა იცოდეთ

 

დავით ხიდაშელი ისევ გამოიკითხება

კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით ბიზნესმენ დავით ხიდაშელს პროკურატურა კიდევ ერთხელ გამოკითხავს. ამის შესახებ ფორმულა ნიუსს ინფორმაცია პროკურატურაში დაუდასტურეს, თუმცა როდისთვის იგეგმება მისი ხელმეორედ გამოკითხვა, უცნობია. 

სავარაუდოდ, ის უწყებაში ჩვენებასა და სატელევიზიო ინტერვიუს შორის არსებული განსხვავების გამო დაიბარეს. ამის შესახებ ფორმულასთან საქმის ადვოკატები საუბრობდნენ. ხიდაშელის საჯარო მონაყოლი ეწინააღმდეგება მის ჩვენებას, სადაც მილიარდერთან დაახლოებული ბიზნესმენი ივანიშვილს არ ახსენებდა, ინტერვიუში კი ამბობს, რომ რუკის მოპოვება იგორ გიორგაძის პარტნიორს, ბეჟან მაისურაძეს ივანიშვილთან საუბრის შემდეგ სთხოვა. შეუსაბამობების გამო, დაკავებულების ადვოკატები ხიდაშელის აცილებას სასამართლოზე მოითხოვენ. 

 

კარტოგრაფების საქმე

დაკავებულ კარტოგრაფებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დღეს საპატიმროში ადვოკატები მოინახულებენ. ინტერესების დამცველები საქმის მასალების დეტალებს თავიანთ დაცვის ქვეშ მყოფებთან ერთად გაივლიან.

ილიჩოვას ადვოკატი ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრის - ლაშა დარსალიას განცხადებასაც ეხმიანება. გიორგი მახარაძის თქმით, საერთაშორისო იურიდიული კომპანიის დასკვნა საქმეში არ დევს და იურისტებისთვის ცნობილი არ არის.

 

დეკანოზ მამალაძის მდგომარეობა 

გიორგი მამალაძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღეს სტაციონარში გადაიყვანენ. კლინიკაში დეკანოზს სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ოჯახთან ერთად, მამალაძის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით სასჯელაღსრულების დაწესებულებას არაერთხელ მიმართა.


თანხმობა კი მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც დეკანოზის მკურნალმა ექიმმა ნევროლოგიური კვლევები მოითხოვა. გიორგი მამალაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური.

 

გათავისუფლებული დირექტორები 

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, სკოლის დირექტორების დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს და პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს. როგორც ბაჩანა შენგელია აცხადებს, სკოლის დირექტორების თანამდებობიდან გათავისუფლება ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაკვეთაა და მისი თქმით სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. შენგელია საქმით დაინტერესებისკენ ომბუდსმენსაც მიმართავს. 

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დღეს აირჩევენ. “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობიდან უნდა დაინიშნოს. საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ დაიკავებს პოსტს, ვინაიდან ის კლანის პოლიტიკის გამტარებელი იქნება.

ასეთივე მოსაზრება აქვთ საიაშიც. ვახუშტი მენაბდის განმარტებით, თანამდებობას ის დაიკავებს, ვინ ყველაზე ახლოს იქნება კლანის იდეოლოგიასთან. ამის გარდა დღესვე იუსტიციის საბჭოში პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა შესარჩევი გასაუბრებაც გაგრძელდება.

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა