logo
ENG



EMC: დეკანოზ მამალაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, კლინიკაში გადაყვანა 15 ოქტომბერს იგეგმება

14 ოქტ 202014:40
3 წუთის საკითხავი
clock 1051
usp5rnkvmjk8idh.jpg

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული გამოკვლევა სამოქალაქო პროფილის კლინიკაში 15 ოქტომბერს იგეგმება და განისაზღვრება დეკანოზის მკურნალობის ტაქტიკაც.

როგორც EMC-ის განცხადებაში ვკითხულობთ, დეკანოზ მამალაძეს პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. 

"ამ ეტაპისთვის, სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, პარალიზებულ კიდურებზე აღენიშნება ატროფიის ნიშნები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ჩივილები. აგრეთვე, სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ მამალაძის მკურნალობის კონკრეტული გეგმა შემუშავებული კვლავ არ არის და თერაპევტის საქმიანობა პაციენტის ზოგად ჩივილებზე ინფორმაციის მიღებით შემოიფარგლება. ამგვარი მდგომარეობის მიუხედავად, სასჯელაღსრულების დაწესებულება ამ დრომდე არ უზრუნველყოფდა მამალაძისთვის საჭირო სამედიცინო კვლევების ჩატარებას და ადეკვატური სამკურნალო გეგმის შედგენას", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 14 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მამალაძეს გამოსაკვლევად საავადმყოფოში გადაიყვანენ, თუმცა ადგილზე გადაწყვეტენ, დატოვონ თუ არა სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკაში. დეკანოზის ოჯახის განცხადებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, პარალიზებული აქვს კიდურები, ციხეში კი მკურნალობის რესურსი არ არსებობს. ციხის ადმინისტრაციას მისი კლინიკაში გადაყვანის თხოვნით სწორედ ოჯახმა მიმართა. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.


close დახურვა