თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, 104 საბავშვო ბაგა-ბაღი, რომელთა შენობებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, არ იმუშავებს. უწყების ცნობითვე, გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არჩევნების მეორე დღეს, 2 ნოემბერს ყველა ასეთ ბაღში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. მისივე განცხადებით, 3 ნოემბერს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება.
სააგენტოს ცნობით, თბილისში ამჟამად, 183 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელთაგან 104-ში საარჩევნო უბნებია განთავსებული. უწყების განცხადებითვე, სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის მიუხედავად, ბაღებში საარჩევნო კომისიები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.