logo
ENG



შსს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა

27 ნოე 202601:48
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/27/wbdyqc30cgm140q.jpeg

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, საფეხბურთო კლუბების „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. უწყების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სამინისტროს სამი თანამშრომელი დაშავდა, სამართალდამცველებმა კი 16 პირი დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 ნოემბერს, მატჩთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ბათუმში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. უსაფრთხოების ზომები როგორც „ბათუმი არენას“ ტერიტორიაზე, ისე გულშემატკივართა მსვლელობის მარშრუტზე იყო მიღებული.

სამინისტროს ცნობით, ევროპის მოედნიდან სტადიონის მიმართულებით მსვლელობისას „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდა. ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.

უწყების განცხადებით, დაპირისპირება სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. გულშემატკივართა ნაწილი აზიანებდა სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის სკამებს, რომლებსაც სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ. ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, მათ შორის გამოიყენა სპეციალური საშუალებები.

შსს ასევე გამოეხმაურა უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა. უწყება აღნიშნულ ცნობას უარყოფს და განმარტავს, რომ გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება დროშებისა და ბანერების გამოფენამდე, ჯერ კიდევ სტადიონის მიმართულებით მსვლელობისას დაიწყო


close დახურვა