logo
ENG



არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობისთვის პარლამენტის 30-მა წევრმა საკონსტიტუციოს მიმართა

19 ნოე 202418:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/19/ezhkkay2a1ktut2.jpg

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას თქმით, არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით პარლამენტის 30-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

მისი თქმით, საკონსტიტუციომ ერთი თვის ვადაში უნდა განიხილოს კონსტიტუციურად ცნობის საკითხი, აქედან გამომდინარე კი, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული შეკრება არაკონსტიტუციურია.

"დღეს საქართველოს პარლამენტის 30 წევრის ხელმოწერით გაიგზავნა საკონსტიტუციო სარჩელი არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს პარლამენტის 30-მა წევრმა. ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს სარჩელი წარმოებაში და ერთი თვის ვადაში განიხილონ კონსტიტუციურად ცნობის საკითხი. მეორეს მხრივ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის სამანდატურო მისიას არ აქვს უფლებამოსილება სიაში შეიყვანოს პოტენციური პარლამენტის წევრები, რადგან სადავო არის გამხდარი 150-ვე პარლამენტის წევრის არჩევის კონსტიტუციურობის საკითხი. აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული შეკრება 25-ში ან 26-ში იქნება არაკონსტიტუციური", - თქვა თამარ კორძაიამ. 

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც შეიტანა

სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანის თაობაზე გუშინ, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ყველა ინსტანციაში სცადონ სამართლებივი დავა.

"ხვალ დილას შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა. ეს არის არა იმიტომ, რომ მჯერა საკონსტიტუციოსი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარაა დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება მივიღეთ არაერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ ვცადოთ", - თქვა პრეზიდენტმა. 


close დახურვა