მეტროს სადგურების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისას თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ არაეფექტიანი ხარჯები გასწია. ამ შინაარსის დოკუმენტს აუდიტის სამსახური ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ ვერ შეძლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით განსაზღვრული შედეგის სრულად და დროულად მიღწევა.
„მეტროს სადგურების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისას, კომპანიაში დანერგილმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო სამშენებლო თვალსაზრისით არსებითი შეუსაბამობების გამოვლენა და გამოსწორება. კომპანიამ გასწია არაეფექტიანი ხარჯები, რადგან ვერ შეძლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით განსაზღვრული შედეგის სრულად და დროულად მიღწევა“, - ვკითხულობთ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
დოკუმენტში წერია, რომ მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობა დაწყებულია მშენებლობის საპროექტო ნაწილის სათანადოდ დამუშავების გარეშე. აუდიტის სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის დახარჯვის მიუხედავად, ობიექტის მშენებლობა შეწყვეტილია.
„მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობა დაწყებულია მშენებლობის საპროექტო ნაწილის სათანადოდ დამუშავების გარეშე. სამუშაოების შემსრულებელი საწარმოს ანგარიშზე 4 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში ირიცხებოდა არსებითი მოცულობის საავანსო თანხა. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის დახარჯვის მიუხედავად, ობიექტის მშენებლობა შეწყვეტილია“, - წერია ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შემოსავლები ჯამში – 548,138.0 ათასი ლარის, ხოლო ხარჯები – 386,858.3 ათასი ლარის ოდენობით.