სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებული დევნა და დასჯა საბჭოთა კანონმდებლობით - ასე აფასებენ სამოქალაქო აქტივისტები სამშენებლო ღობეზე წარწერის გაკეთების გამო გამოწერილ ჯარიმებს.
მერიამ დროებით ღობეზე გაკეთებული წარწერები იერსახის დამახინჯებად მიიჩნია და „სირცხვილიას“ წევრები დააჯარიმა. აქტივისტების თქმით, 20 ივნისის აქციის სამზადისს სამართალდამცველები ხელს უშლიდნენ და მათ უთვალთვალებდნენ.
ჯამში ღამის განმავლობაში „სირცხვილიას“ წევრები 1800 ლარით დააჯარიმეს, ყველაზე მაღალი სანქცია კი ივანიშვილის პანორამა თბილისის მიმდებარედ დროებით ღობეზე გაკეთებულ წარწერას მოჰყვა.
სამშენებლო კონსტრუქცია პოლიციამ და მუნიციპალურმა ინსპექციამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მდებარე ობიექტად მიიჩნია. თუმცა ღობეზე, რომელზე წარწერის გაკეთებისთვისაც აქტივისტები დააჯარიმეს, სტენსილები და სარეკლამო პლაკატებია. ჯარიმები სასამართლოში გასაჩივრდება.
„გვახსოვს რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს" - ეს გზავნილი კი ქალაქის ქუჩებში გუშინ ღამით გაჩნდა, იმის ნიშნად, რომ რამდენიმე დღეში 20 ივნისის სისხლიანი ღამიდან ერთი წელი გადის.