ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან კედელზე გაკეთებული წარწერის გამო ორი აქტივისტის 1 000 - 1 000 ლარით დაჯარიმების შემდეგ იმავე კედელზე წარწერა "გამყალბებელი" გააკეთა.
"ადამიანებმა ხო იციან, რომ ეს არ არის კულტურული ძეგლი. პირიქით, მეტს გეტყვით, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის დარღვევის ადგილი, რადგან აქ მართლა კულტურული მემკვიდრეობის ზონაა და ეს ააშენეს, რადგან ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, თავად ეს მთელი - მისი სახლიც, თაბორიც რომ იყიდა თავის დროზე, ეს ყველაფერი არის, რაზეც ჩვენი გული ძგერს, რაც ჩვენ გვაინტერესებს, რასაც ჩვენ ვუფრთხილდებით.
კულტურულ მემკვიდრეობას ყველა უფრთხილდება, ოღონდ მე რაზეც ბიძინა მეტყვის ეს არის კულტურული მემკვიდრებაო, ვერ გახდება ეს ასე, რადგან მას უნდა. რამდენიც არ უნდა დაგვაჯარიმონ მაინც დავწერთ, ვიბრძოლებთ, გავაკეთებთ, შევასრულებთ. შეუძლებელია ამის დამარცხება ისეთი ფარსით, რაც ქნა ივანიშვილმა" - ამბობს ხოშტარია.
დღეს, 1 დეკემბერს პოლიციამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმავალ სამანქანო გვირაბის კედელზე წარწერა "ხმების ქურდი რუსი ოლიგარქის" გაკეთების გამო ორი აქტივისტი 1 000 ლარით დააჯარიმა.
ერთ-ერთი აქტივისტის, თამთა გოგოლაძის თქმით, პოლიციამ მას დაჯარიმებისას განუმარტა, რომ კედელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო.