ორგანიზაციები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნებიას და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ.
ქართული ოცნების პარლამენტში 28 ნოემბერს წარდგენილი იქნა კანონპროექტი, რომელიც არსებით ცვლილებებს ითვალისწინებს საქართველოს ორგანულ კანონებში - საარჩევნო კოდექსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.
ორგანიზაციების შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებები შეამცირებს არჩევნების შედეგების გადამოწმების შესაძლებლობას, შეზღუდავს სასამართლო კონტროლს და საარჩევნო ადმინისტრირების კიდევ უფრო ცენტრალიზებას გამოიწვევს.
ცვლილებების შესახებ მომზადებულ სამართლებრივ შეფასებაში ორგანიზაციები რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე მიუთითებს. კერძოდ:
-
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრება მხოლოდ ტექნიკური შეცდომების გასწორების მიზნით იქნება შესაძლებელი, რაც სისტემური საარჩევნო დარღვევების გასაჩივრებას შეზღუდავს;
-
უქმდება საოლქო საარჩევნო კომისიების ვალდებულება, შემთხვევითი შერჩევით გამოავლინონ ხუთი საარჩევნო უბანი და ხელახლა დაითვალონ ხმები;
-
სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას კოლეგიური კომისიის ნაცვლად მისი თავმჯდომარე ერთპიროვნულად მიიღებს;
-
ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადა 12 დღიდან 5 დღემდე მცირდება;
-
მეორე ტურისთვის დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების რეგისტრაციის ვადა ორი დღით მცირდება;
-
იზღუდება გამოუყენებელი უფასო საეთერო დროის სხვა საარჩევნო სუბიექტებისთვის გადანაწილების შესაძლებლობა.
ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები შეასუსტებს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას, ხმების დათვლის სიზუსტის გადამოწმების მექანიზმებსა და არჩევნების შედეგების მიმართ საზოგადოებრივ ნდობას.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის მომზადებას წინ არ უძღოდა საჯარო დისკუსია და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები. მათივე შეფასებით, საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტური ცვლილებები ფართო პროფესიულ და საზოგადოებრივ კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს.
