logo
ENG



აქტივისტებმა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია გამართეს

28 ნოე 202117:41
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაქო აქტივისტებმა თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართეს.

ისინი სოლიდარობას უცხადებენ პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და მის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციას პერფორმანსიც ახლდა, ლოზუნგით „თავისუფლება მიშას“.

აქტივისტები ამბობენ, რომ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარია. აქტივისტები საზოგადოებას მოუწოდებენ, ხვალ მიხეილ სააკაშვილის პროცესის დროს მივიდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა გაამხნეონ ყოფილი პრეზიდენტი.

„დღეს სიმბოლურად დიდი ასოებით ვწერთ Free Misha - თავისუფლება მიშას და მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, ხვალ 11 საათზე საქალაქო სასამართლოსთან მოვიდნენ ძალიან ბევრნი. ჩვენ უნდა ვანახოთ ევროპას და ცივილიზებულ სამყაროს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკანონოდ ზის ციხეში და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ პოლიტპატიმრობა, პოლიტიკური დევნა, დაჭერები და ასეთი დიქტატორული ნაბიჯები უნდა დავამთავროთ საქართველოში“, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი ხვალ, 29 ნოემბერსაა ჩანიშნული.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საქმეა აღძრული, ზოგ მათგანზე განაჩენი გამოტანილია, ზოგიერთზე - ჯერ არა. ხვალინდელ პროცესზე განიხილავენ 7 ნოემბრისა და იმედში შეჭრის საქმეს. 

ამ საქმეზე ბრალი სააკაშვილს 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. 10 ნოემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7 ნოემბერის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.


close დახურვა