logo
ENG



აშშ-დან საქართველოში სპეციალური რეისით 79 მოსწავლე დაბრუნდება

09 აპრ 202014:25
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი საქართველოს 79 მოქალაქე, რომლებიც სკოლის მოსწავლეები არიან, ხვალ სპეციალური რეისით სამშობლოში დაბრუნდება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებაა. გარდა ამისა, გახარიას თქმით, ამ სპეცრეისით საქართველოში სომხეთის 35 მოქალაქე ჩამოვა, რომლებიც ასევე სკოლის მოსწავლეები არიან.

„ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, 10 დღის განმავლობაში ვმუშაობდით და მივიღეთ გადაწყვეტილება ერთობლივად, რომ 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომლებიც დღეს იმყოფებიან აშშ-ში, ფაქტობრივად სპეციალური საშუალებებით გამოვიყვანოთ იქიდან. მშობლებმაც ეს სურვილი გამოთქვეს. ხვალ, 10 აპრილს, შედგება რეისი აშშ-დან დოჰაში, ამ რეისის უზრუნველყოფას თავის თავზე იღებს ამერიკული მხარე, ხოლო დოჰადან თბილისში ამ ბავშვების, არასრულწლოვნების, საქართველოში ჩამოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენს სომეხ კოლეგებთან ერთად ვითანამშრომლეთ, მათი მხრიდან იყო თხოვნა და ამ რეისით ჩამოვიყვანთ ასევე სომხეთის 35 მოქალაქეს, ასევე სკოლის მოსწავლეს“, - აღნიშნა პრემიერმა. 


close დახურვა