logo
ENG



აშშ-ის ელჩმა რუსეთში ნავალნის ხსოვნას პატივი მიაგო

18 თებ 202419:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/18/yeunla5tsse2t3h.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რუსეთში, ლინ ტერისმა, დაღუპული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ხსოვნას პატივი მოსკოვში, ე.წ. სოლოვეცკის ქვასთან მიაგო. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის საელჩო რუსეთში სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.

განცხადებაში, საელჩო მწუხარებას უცხადებს ნავალნის ოჯახსა და მხარდამჭერებს.

"დღეს სოლოვეცკის ქვაზე ჩვენ გლოვობთ ალექსეი ნავალნისა და რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების სხვა მსხვერპლთა სიკვდილს.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ალექსეი ნავალნის ოჯახის, კოლეგებისა და მხარდამჭერების მიმართ. მისი ძალა შთამაგონებელი მაგალითია. ჩვენ პატივს ვცემთ მის ხსოვნას", - წერია საელჩოს განცხადებაში.

***

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა

ნავალნი 47 წლის იყო.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.


close დახურვა