logo
ENG



აშშ-ის სახ.დეპი ირანის მიერ აზერბაიჯანზე თავდასხმას გმობს

08 მარ 202613:57
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/08/2jnyz5ar5rd22q6.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანის მიერ აზერბაიჯანზე თავდასხმა დაგმო და აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"აშშ მკაცრად გმობს 5 მარტს ირანული რეჟიმის მხრიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინააღმდეგ დრონებით არაპროვოცირებულ თავდასხმას, რომლის სამიზნეც ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტი და ბავშვთა სკოლა იყო, რის შედეგადაც უდანაშაულო მოსახლეობა დაშავდა და დაზიანდა კრიტიკული მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

ამასთან, სახ.დეპი აცხადებს, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებს აზერბაიჯანს ამ საფრთხეების წინააღმდეგ და ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის მხრიდან პასუხი პარტნიორებისადმი - მტკიცე მხარდაჭერა იქნება. 

5 მარტს დილას აზერბაიჯანულმა მედიამ დაწერა, რომ ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით იერიში მიიტანა - ირანული დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც, მათ შორის ერთ-ერთ სკოლასთან ახლოს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.

ამასთან, საგარეო უწყებამ თქვა, რომ ეს თავდასხმა "ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას".

აზერბაიჯანის საგარეო უწყების თანახმად, "აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები".

ირანმა იერიში უარყო და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ირანი "მეზობელ ქვეყნებს არ უმიზნებს".

 


close დახურვა