აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-მ მოლდოვაში რუსეთის ბოროტი გავლენის მქონე კამპანიასა და კორუფციასთან საბრძოლველად, 9 ადამიანს და 12 კომპანიას სანქციები დაუწესა.
სანქცირებულ ინდივიდებს შორის არის მოლდოვის ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი, ბიზნესმენი და ოლიგარქი ვლადიმირ პლახოტნიუკი. ის მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი იყო და აშშ-ის ხაზინის ცნობით, ის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებზე კონტროლით ცდილობდა პოლიტიკურ და ბიზნეს ოპონენტებზე თავდასხმებს. პლახოტნიუკმა მოლდოვა 2019 წელს დატოვა და ახლა თურქეთში ცხოვრობს.
სანქციები შეეხო ილან შორსაც, მოლდოველ ბიზნესმენსა და ოლიგარქს, რომელიც აშშ-ის ცნობით, რომელსაც 2017 წელს 1 მილიარდი დოლარის თაღლითობის საბანკო სკანდალის გამო გაასამართლეს. შორი ქვეყნიდან გაიქცა და ახლა ისრაელში ცხოვრობს.
მისმა მხარდამჭერებმა კიშინიოვში მოლდოვის პროდასავლელი ლიდერების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში 6 საპროტესტო აქცია გამართეს.
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, შორი ქვეყნის დესტაბილიზაციას და ევროკავშირის წევრობისთვის საფრთხის შექმნას ცდილობს.
სანდუმ აშშ-ს სანქციებისთვის მადლობა გადაუხადა.
"მადლობას ვუხდი ყველას, ვინც კორუმპირებული მაღალჩინოსნების დასჯაში მიიღო მონაწილეობა.
იმედი მაქვს ეს სანქციები იქნება მაგალითი მოლდოვის სასამართლო სისტემისთვის, რომელიც საბოტაჟი მოახდინა და აჭიანურებდა სისხლისსამართლებრივ დევნას, სასამართლო საქმეებს, კორუფციის აღკვეთას და ფულის დაბრუნებას პლახოტნიუკის, შორის და სხვა კორუმპირებული მაღალჩინოსნებისგან“ - განაცხადა სანდუმ.
აშშ-ის ხაზინის წარმომადგენლის ბრაიან ნელსონის თქმით, აშშ მხარს უჭერს მოლდოვას კორუფციასა და რუსულ გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში.
„დღეს დაწესებული სანქციები ამხელს არა მხოლოდ რუსეთის დაფარულ სტრატეგიას მოლდოვაში, არამედ ასევე გვიჩვენებს, როგორ უთხრის ძირს კორუფცია კანონის უზენაესობას.
რუსული გავლენის ოპერაციები ცდილობენ სამიზნე ქვეყნებში სისუსტეები გამოიყენოს, რათა მათი დესტაბილიზაცია შიგნიდან შეძლოს. შეერთებული შტატები განაგრძობს კორუფციასთან ბრძოლისა და რუსეთის გავლენებთან დაპირისპირების ძალისხმევაში მოლდოვის მხარდაჭერას “ - განაცხადა ბრაიან ნელსონმა.