აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა მემორიალზე 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულებს მიაგო პატივი.
"საქართველოში განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიან რუსეთის მიერ წინასწარგანზრახულ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, ვინაიდან ხალხს კარგად ახსოვს გატეხილი პირობების, ძალადობისა და ოკუპაციის ისტორია რუსეთთან. ამის გამოა, რომ ათობით ათასი ადამიანი გამოდის აქციებზე, აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას, მასპინძლობს და გვერდში უდგას უკრაინელ ლტოლვილებს. სამწუხაროდ, რუსული არმიის სისასტიკე საუკუნეებს ითვლის და აგრესორი მეზობლის ხელით საქართველოს თავისი წილი კოშმარი აქვს გამოვლილი.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ძალების მიერ დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრანტებზე თავდასხმისა და მათი დახოცვის სასტიკი ქმედება მწარე მოგონებად სამუდამოდ დარჩება. თუმცა, რუსული სისასტიკე ამ დღის სიმბოლო არასოდეს იქნება, ვინაიდან 9 აპრილი ეკუთვნით ქართველებს, რომლებმაც თავისი ქვეყნის თავისუფლების სურვილით არნახული სიმამაცე გამოიჩინეს და საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გაუკვალეს გზა", - აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წელს საბჭოთა კავშირის არმიამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი აქცია პარლამენტის წინ, სადაც დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. საბჭოთა ჯარმა ტანკები, ცეცხლსასროლი იარაღი, ნიჩბები და მომწამლავი აირი გამოიყენა. დაიღუპა 21 ადამიანი.