აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისა და რუსეთის მხრიდან საფრთხის ქვეშ მყოფი ევროპის 18 ქვეყანის, მათ შორის საქართველოს სამხედრო დახმარებისთვის 2.2 მილიარდ დოლარს გამოყოფს.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ კონგრესს შეატყობინა, რომ უკრაინისა და მისი 18 მეზობელი ქვეყნისთვის 2.2 მილიარდის ღირებულების გრძელვადიან სამხედრო დაფინანსების გამოყოფას აპირებს.
ეს 18 ქვეყანა მოიცავს, როგორც NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, ასევე რეგიონულ უსაფრთხოების პარტნიორებს, ვინც მომავალში რუსეთის მხრიდან აგრესიის პოტენციური საფრთხის წინაშე დგას.
ახალი დაფინანსება სამხედრო აღჭურვილობასთან ერთად ასევე ითვალისწინებს გრძელვადიან წვრთნებსა და მხარდაჭერას.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი ამ ფინანსების გამოყოფას დაამტკიცებს 2.2 მილიარდიდან დაახლოებით 1 მილიარდი უკრაინას გადაეცემა, დანარჩენს კი: ალბანეთი, ბოსნია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, საქართველო, საბერძნეთი, კოსოვო, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილო მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია გაინაწილებენ.
აშშ-ის პაკეტი ამ ქვეყნებს დაეხმარებათ, დაიცვან საკუთარი სუვერენულობა და ტერიტორიული მთლიანობა მომავალი საფრთხეებისგან NATO-სთან სამხედრო ინტეგრაციის გაზრდით და რუსეთის გავლენასა და აგრესიასთან დაპირისპირებით.