აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს.
კონკრეტულად ვის შეიძლება შეეხოს ახალი სავიზო შეზღუდვა, სახელმწიფო მდივანი არ ასახელებს.
"ვაცხადებ ვიზების შეზღუდვის ახალი პოლიტიკის შესახებ მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის უცხოური აგენტების შესახებ ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ კანონთან დაკავშირებით",- წერს ბლინკენი სოციალურ ქსელ X-ზე.
უფრო ვრცელი განცხადება გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე, სადაც ენტონი ბლინკენი საუბრობს იმ დაშინების კამპანიასა და ძალადობაზე, რომელიც სამოქალაქო პროტესტის ჩასახშობად იქნა გამოყენებული.
"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" შეიმუშავა და მიიღო „უცხოური გავლენის" კანონი, რომელიც ჩაახშობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, დაღს დაასვამს ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა კანონის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს, ვნახეთ დაშინებისა და ძალადობის კამპანიის აშკარა ნიშნები განსხვავებული მშვიდობიანი აზრის ჩასახშობად. „ეროვნული უსაფრთხოების კანონი" და რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება ლეგიტიმური აზრთა სხვაობის ჩასახშობად, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლითაც უფლებამოსილია ქართველი ხალხი და ეწინააღმდეგება საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში გაცხადებულ, კონსტიტუციაში ასახულ მიზანს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელ და თანამონაწილე პირებზე, ასევე, მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს ინდივიდებს, რომლებიც ძალადობისა და დაშინების კამპანიის გზით პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე.
საქართველოს დემოკრატიისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ხანგრძლივია და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს. ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მისი მიმდინარეობისას და მას შემდეგ, ამ პოლიტიკის მიხედვით, შესაძლოა, არ მიეცეს აშშ-ის ვიზების მიღებისა და შეერთებულ შტატებში გამგზავრების საშუალება. აღნიშნული შეზღუდვები, შესაძლოა, ასევე გავრცელდეს ამ პირების უშუალო ოჯახის წევრებზეც.
ასევე, დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის ნაბიჯებს გადადგამენ. გადავხედავთ რა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში ვიქონიებთ საქართველოს ქმედებებს.
სავიზო შეზღუდვის ეს პოლიტიკა ექვემდებარება იმიგრაციისა და ეროვნების აქტის 212 (a)(3)(C) მუხლს და საშუალებას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტს, დაუწესოს სავიზო შეზღუდვები ფიზიკურ პირებს, ასევე, მათი ოჯახის უშუალო წევრებს, იქნებიან ისინი ამჟამინდელი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების განხორციელების დასაბრკოლებლად პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის, ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით".
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონით, აშშ-ს შეუძლია ვიზაზე შეზღუდვები დაუწესოს ამჟამინდელი ან წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, თანამდებობის პირებს ან ინდივიდებს, ასევე მათ უახლოეს ნათესავებს, ვინც პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, მათ შორის ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით, სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებებით სარგებლობისთვის ხელის შეშლაზე.