logo
ENG



აშშ უკრაინას Hawk სისტემას გადასცემს - თეთრი სახლი დახმარების ახალ პაკეტს აანონსებს

10 ნოე 202222:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/10/ppraad4onemdxbw.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ ვაშინგტონი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. შესაბამისი განცხადება სალივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"დღეს შეერთებული შტატები გამოაცხადებს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს - Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ასევე Avenger-ის 4 სისტემას, რომელიც Stinger-ის რაკეტებით არის აღჭურვილი", - თქვა სალივანმა.

ბაიდენის მრჩეველმა დააზუსტა, რომ აშშ-ის ახალი დახმარების პაკეტი შეავსებს საჰაერო თავდაცვის სხვა აქტივებს, რომლებიც მოკავშირეებმა უკვე გადასცეს უკრაინას.

"გასულ კვირას, როცა კიევში ვიყავი, მქონდა შესაძლებლობა, პირდაპირ განმეხილა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მის გუნდთან ზუსტად რა სჭირდება უკრაინას, რომ ბრძოლის ველზე მაქსიმალურად ძლიერი იყოს. რუსეთის მიერ ფრთოსანი რაკეტების და ირანული დრონების გამოყენების ფონზე, უკრაინას ყველაზე მეტად საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება", - აღნიშნა მან.

დახმარების ახალი პაკეტის საფასური 400 მილიონ დოლარს შეადგენს. 

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ბოლო სამხედრო დახმარების პაკეტი ოქტომბრის ბოლოს გამოუყო. მასში შედიოდა HIMARS-სთვის საბრძოლო მასალები, მართვადი საარტილერიო ჭურვები, HMMWV ჯავშანტექნიკა და მცირე საბრძოლო მასალა - დახმარების პაკეტის სრული ღირებულება 275 მილიონ დოლარს შეადგენდა.


close დახურვა