CNN წერს, რომ აშშ უკრაინისთვის კიდევ $800-მილიონიან სამხედრო დახმარებას ამზადებს.
მედიას ამის შესახებ 3-მა წყარომ უთხრა აშშ-ის მთავრობის ადმინისტრაციიდან.
დახმარების დეტალები განიხილება, თუმცა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ უკრაინისთვის მეტი არტილერიის გაგზავნას გეგმავს.
აშშ-ის მთავრობის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ დახმარების პაკეტი უახლოეს 36 საათში დამტკიცდება, სხვა წარმომადგენლის განცხადებით კი, დრო განსაზღვრული არ არის და ეს უახლოს დღეებში მოხდება.
მისივე თქმით, დახმარების პაკეტის ზომა "ბოლო წუთას შეიცვალა".
გასულ კვირას ჯო ბაიდენმა უკრაინას $800-მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი უკვე გაუგზავნა. ის არტილერიას და ანტისაარტილერიო რადარებს მოიცავდა.
19 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ აშშ უკრაინას დახმარებას უპრეცედენტოდ სწრაფად მიაწვდის, რადგან ომი კრიტიკულ ეტაპზეა, ხოლო მათმა კონტრიბუციამ შესაძლოა ცვლილება მოახდინოს.
თუ ახალი $800-მილიონიანი პაკეტი დამტკიცდება, გამოვა, რომ აშშ-მ უკრაინას 24 თებერვლის შემდეგ $3.4-მილიარდიანი სამხედრო დახმარება გაუწია.