თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალციხის კლინიკა "იმედის" მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, ამავე კლინიკის ამცრელ ექიმს ვიოლეტა ინასარიძეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
მოსამართლე ნინო ელეიშვილმა ინასარიძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვიოლეტა ინასარიძე სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით 370-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს - ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.
ვიოლეტა ინასარიძესთან ერთად მოსამართლემ დამნაშავედ ცნო რეანიმატოლოგი და ექთანი. თეა გზირიშვილს 2 წელი და 6 თვე, ბექა ლიპარტელიანს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ინასარიძის ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
მანამდე ვიოლეტა ინასარიძეს დეკემბრის თვეში, აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბონდო ვათიაშვილის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ვიოლეტა ინასარიძემ დაყოვნების ოთახი დატოვა, დადგენილი არ არის და შესაბამისად, მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებიც არ არის.
პროკურატურის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ვიოლეტა ინასარიძემ მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა, ის ვალდებული იყო მისთვის შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, თუმცა, არასაპატიო მიზეზით მეგი ბაქრაძეს სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა, თუმცა მედიასთან თქვა, რომ ანაფილაქსიური შოკის განვითარების დროს, ის პაციენტთან იმყოფებოდა და ადრენალინი გაუკეთა. ვიოლეტა ინასარიძემ მოგვიანებით აღიარა, რომ მეგი ბაქრაძის შემთხვევის შესახებ, ჟურნალისტებს ცრუ ინფორმაცია კლინიკის ადმინისტრაციის თხოვნით მიაწოდა.
ამცრელი კაბინეტის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე ექიმ-რეანიმატოლოგ გიორგი აფციაურთან ერთად, 2021 წლის 1-ელ ივლისს, შინაგანაწესის რამდენიმე პუნქტის დარღვევის ბრალდებით კლინიკა "იმედიდან" გაათავისუფლეს. ორივე მათგანმა კლინიკის წინააღმდეგ სასამართლო დავა წამოიწყო.
მეგი ბაქრაძე ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების შედეგად, ანაფილაქსიური შოკით, 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა.