აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილესა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორ მაია მერკვილაძეს აღნიშნულ პოზიციაზე „რუსთავი 2-ის“ ყოფილი ჟურნალისტი ნინო ხაჟომია ჩაანაცვლებს. ინფორმაციას მაია მერკვილაძე ავრცელებს.
„მოკლედ, ვიცი გაინტერესებდათ, შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები. ნინო ხაჟომია მოდის რედაქტორად", - წერს მაია მერკვილაძე ფეისბუკზე.
მაია მერკვილაძის შტატი გასულ კვირას პროტესტის ფონზე გააუქმა ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ. ამ შტატის გაუქმებას მაუწყებლის სამი მრჩეველი დასთანხმდა. მანამდე კი მორიგი აქცია გაიმართა ტელევიზიის თანამშრომლების მხარდასაჭერად. „ივანიშვილის ცენზორები" - ამ წარწერებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრებისა და დირექტორის ფოტოები მოძრაობა „ალტერნატივას" წევრებმა მაუწყებლის შენობის წინ გამოფინეს. აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად პირზე წებოვანი ლენტიც მიიკრეს.