logo
ENG



აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი, მაუწყებლის მენეჯმენტთან კოლექტიურ დავას იწყებს

02 მარ 202014:37
3 წუთის საკითხავი
 

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი, მაუწყებლის მენეჯმენტთან კოლექტიურ დავას იწყებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული კავშირი დღეს, 17:00 საათზე მაუწყებელში შესაბამის დოკუმენტს შეიტანს. დღესვე იგეგმება დისკუსია თემაზე - "რატომ უნდა გამოვუცხადო მხარდაჭერა მაუწყებლის თანამშრომლებს".

გარდა ამისა, ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ, ტელევიზიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის, დაკავებული თანამდებობიდან 3 დღის წინ გაათავისუფლეს ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი. მას, ტელევიზიის მენეჯმენტის ინფორმაციით, სხვა თანამდებობაზე დანიშვნა შესთავაზეს.

ტელევიზიის ახალი დირექტორის გიორგი კოხრეიძის განცხადებით, მან მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს რამდენიმე თანამდებობა შესთავაზა. 

"მე არაფერი შემითავაზებია წერილობით შორენა ღლონტისთვის. მან თვითონ თვითონ უნდა ნახოს, თუ მას აქვს რაიმე რესურსი, სადაც შეძლებს გააგრძელოს მუშაობა და ვერ შეძლებს მსგავსი რამე განახორციელოს. მე სხვადასხვა ვარიანტები მქონდა მისთვის შეთავაზებული და თვითონ უნდა მოიფიქროს“, - ამბობს კოხრეიძე. 

მაუწყებლის ერთ-ერთი ჟურნალისტის თქმით, თუ ტელევიზიის მენეჯმენტთან შეთანხმება არ მოხდება, ისინი გაიფიცებიან. 

"კოლექტიური დავის დოკუმენტი დღეს საღამოს, 17:00 საათზე გადაეგზავნება როგორც დირექტორს, ასევე შესაბამის სამინისტროს. ამ დოკუმენტის მიხედვით 4 მთავარი მიმართულება გვაქვს გამოყოფილი ჩვენი მოთხოვნების. უკან დახევას არ ვაპირებთ და იმედია მენეჯმენტი ამას გაითვალისწინებს. თუ 21 დღის განმავლობაში, მენეჯმენტთან ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას წერილობით, მაშინ წარმოგვეშვება გაფიცვის უფლება. არ გვეკადრება პირდაპირ გაფიცვა და ვაძლევთ კონკრეტულ დროს, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული“, - აღნიშნა მან. 


close დახურვა