logo
ENG



ახალი დეტალები შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში - ფორმულას ექსკლუზივი

01 ივლ 202017:00
3 წუთის საკითხავი
clock 881

„ფორმულამ“ მოიპოვა გიორგი შაქარაშვილის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი, რომელიც ასახავს არაგვის ხიდთან პოლიციის ეკიპაჟის გამოჩენის პერიოდს - ეს ის პერიოდია, როცა შელაპარაკება დასრულებულია და ახალგაზრდებმა დატოვეს ტერიტორია.

კადრებში ჩანს, რომ პირველი ავტომობილი გამოჩნდა 15 წუთის შემდეგ, მეორე კი 40 წუთის შემდეგ - აქედან ერთ-ერთია „შკოდას“ მარკის ავტომობილი. ისინი გამოიძახა საქმის მოწმემ იაკობ ბრეგაძემ, ფოტოგრაფმა, რომელიც მიტოვებულ შენობას აფარებდა თავს. 

იაკობ ბრეგაძეს ორი ჩვენება აქვს და ისინი ერთმანეთს არ ემთხვევა - პირველ ჩვენებაში ამბობს, რომ მან გამოიძახა პოლიცია, მეორეში კი ამბობს, რომ გააუქმა გამოძახება.

გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები ეხება პოლიციის ეპიზოდს - ისმება კითხვები, თუ სად იყო პოლიცია და თუკი ახალგაზრდებმა გამოიძახეს ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე, გაუქმების შემდეგაც რატომ არ დაინტერსდა არავინ მომხდარით.

რეზონანსულ საქმეს „ფორმულაზე“ პირველ გადაცემას დაუთმობს „პოლიტმეტრი“, რომელიც ეთერში 3 ივლისს გავა. 

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გარდა ამისა, უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

დაკავებული პირებიდან არცერთი ბრალს არ აღიარებს, მათი ადვოკატები აცხადებენ, ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.

ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა